რუსული დრონების საფრთხის ფონზე, კიევმა ფრონტის ხაზიდან ამერიკული "აბრამსები" გაიყვანა

1 week ago 11

უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში ამ ეტაპზე გვერდი აუარა ამერიკის მიერ მიწოდებულ "აბრამსის" ტიპის საბრძოლო ტანკების გამოყენებას. ეს ნაწილობრივ იმის გამო მოხდა, რომ რუსული დრონები ზედმეტად ართულებდა მათ ფრონტის ხაზზე უსაფრთხოდ გამოყენებას. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეთიდ პრესს" ამერიკელმა სამხედროებმა მიაწოდეს.

2023 წლის იანვარში, შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინაში 31 "აბრამსის" გაგზავნას. ოფიციალური კიევი ამტკიცებდა, რომ ტანკები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი დოლარია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფრონტის ხაზების გასარღვევად.

მაგრამ, ვითარება ბრძოლის ველზე არსებითად მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოსკოვმა მასობრივად დაიწყო სათვალთვალო დრონებისა და საიერიშო დრონების გამოყენება. ამან უკრაინას ტანკების დაცვა გაურთულა. 31 ამერიკული ტანკიდან რუსეთის თავდასხმების გამო, 5 უკვე დაიკარგა.

უკრაინის ბრძოლის ველზე დრონების გაშვება ნიშნავს, რომ „არ არსებობს ღია სივრცე, სადაც თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ გადაადგილდეთ [მტრის მხრიდან] აღმოჩენის შიშის გარეშე“, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა 25 აპრილს.

ამ დროისთვის, ტანკები მოშორებულია ფრონტის ხაზს და ამერიკა იმუშავებს უკრაინელებთან ტაქტიკის შეცვლის მიზნით, განაცხადეს გაერთიანებული შტაბის უფროსის ვიცე-თავმჯდომარემ, ადმირალმა კრისტოფერ გრედიმ და ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ეს ნაბიჯი ასევე დაადასტურა, თუმცა ვინაობის გამხელა საჯაროდ არ ისურვა.

მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები დღეს, 26 აპრილს გამოაცხადებს, რომ ის უკრაინას დამატებით აძლევს 6 მილიარდი დოლარის ღირებულების გრძელვადიან სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ განაცხადეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და დასძინეს, რომ ის მოიცავს "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ყველაზე მოთხოვნად საბრძოლო მასალებს. ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით ისაუბრეს დეტალებზე, რომლებიც ჯერ არ არის გასაჯაროებული.

სრულად წაკითხვა