უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ შექმნილი ჩამჭრელი აპარატის კიდევ ერთი წარმატებული გამოცდა ჩატარდა, თუმცა აღნიშნა, რომ დამიზნების სისტემის გარკვეული ასპექტები ჯერ კიდევ დახვეწას საჭიროებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისგან მოვისმინე ინფორმაცია ჩვენი მწარმოებლების მიერ მიღწეული ახალი შედეგების შესახებ: რუსული რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად შექმნილი კიდევ ერთი აპარატი წარმატებით გამოიცადა. „შაჰიდი“ წარმატებით იქნა ჩამოგდებული, თუმცა ჩამჭრელი აპარატის დამიზნების სისტემის გარკვეული ასპექტები ჯერ კიდევ დასახვეწია. მუშაობას ვაგრძელებთ. ამისთვის ჯერ კიდევ საჭიროა დრო“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრ ევგენი ხმარასთან ერთად განიხილა შემდგომი სამხედრო ოპერაციები და შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხმარასა და დრაპატისთან ერთად განისაზღვრა პრიორიტეტული სამიზნეები, საჭირო რესურსები და აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები.
„რუსეთის ნავთობის სექტორზე (რაც მათი საომარი ძალის მთავარი წყაროა), ჩვენი შორეული დისტანციიდან დარტყმებს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს და სწორედ ეს ქმნის დიპლომატიისთვისაც აუცილებელ ბერკეტს“, — განმარტა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინა მზად არის გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მოსაგვარებლად. თუმცა პარტნიორებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ დეესკალაციისთვის საჭირო ზომების განხორციელებისას, რუსეთმა დაიცვას პირობები უკრაინისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებით.
უკრაინული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, ukrinform.net, აზუსტებს, რომ როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდეც განაცხადა, უკრაინაში ამჟამად 67 კომპანია მუშაობს, რომლებსაც რეაქტიული დრონების მასშტაბურად ჩამოგდების შესაძლებლობა აქვთ. ზელენსკის თქმით, 3-დან 5-მდე კომპანიამ უკვე მოახდინა შედეგების დემონსტრირება.
netgazeti