რუსეთმა სანქცია დაუწესა სკოლის მოსწავლეს, მაგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბრაუდერის შვილს, ალექსანდრე ბრაუდერს. მან ამხილა კრიპტობირჟები, მათ შორის საქართველოში, რომლებიც მოსკოვს სავარაუდოდ ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტა”.
ჟურნალისტი ია ბარათელი სტატიაში წერს, რომ მაისის ბოლოს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მკაცრი სანქციები დაუწესა რუსულ საგადამხდელო ქსელ „A7“-თან დაკავშირებულ კრიპტოპლატფორმებს. ბრიტანეთის საგარეო უწყების მონაცემებით, ეს ქსელი გამოიყენებოდა რუსეთის სამხედრო ეკონომიკის მხარდასაჭერად. მხოლოდ გასულ წელს ამ ქსელის გავლით გადაირიცხა 90 მილიარდ დოლარზე მეტი — თანხა, რომელიც რუსეთის წლიური სამხედრო ხარჯების ნახევარს უდრის.
ლონდონმა სანქციები დაუწესა 18 პლატფორმას (კრიპტოპლატფორმები, ბანკები და ფინანსური ქსელები) შემდეგ ქვეყნებში:
-
რუსეთი
-
დიდი ბრიტანეთი
-
საქართველო
-
ყირგიზეთი
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები
-
პანამა
-
სალვადორი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი გამოიყენებოდა როგორც „ჩრდილოვანი ფინანსური სისტემები“ ანტირუსული სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით. ამ კომპანიების აქტივები გაყინულია. სანქციების სიაში სამი კრიპტობირჟა საქართველოდანაც მოხვდა:
-
Arvix LLC
-
Rapira Group LLC
-
Aifory LLC
„ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს სამი ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას“, — ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
“ნოვაია გაზეტას” თანახმად, რუსული კრიპტოვალუტის გათეთრების ჩრდილოვანი ქსელის გამოვლენაში სამართალდამცავებს 17 წლის ბრიტანელი სკოლის მოსწავლე, ალექსანდრ ბრაუდერი დაეხმარა. ის არის ცნობილი ბრიტანელი ფინანსისტის, უილიამ ბრაუდერის შვილი („მაგნიტსკის აქტის“ მთავარი ინიციატორი).
“ჯერ კიდევ მარტში ალექსანდრმა გამოაქვეყნა ანგარიში ანალიტიკური ცენტრისთვის Henry Jackson Society, სადაც აღწერა კრიპტოვალუტით თანხების გადარიცხვის უკანონო სქემები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუბლით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი, ცნობილი როგორც A7A5, წარმოადგენს დასავლეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას. ბრაუდერის მონაცემებით, რუსეთმა, ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ ამ გზით დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი „გაათეთრეს“.
როდესაც გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კონსულტაცია გაიარა ბრაუდერთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხო ზომები მიიღო: 2 ივნისს მოსკოვში განაცხადეს, რომ ალექსანდრ ბრაუდერსა და კიდევ ოთხ ბრიტანეთის მოქალაქეს რუსეთში შესვლას უკრძალავენ „ცილისწამებრივი გამოგონებებისა და ყალბი ინფორმაციისთვის“, – წერს ნოვაია გაზეტა.
თუმცა, მოზარდმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტებში ნათლად აჩვენა, რომ აკრძალვა მას საერთოდ არ აღელვებს:
„ვამაყობ, რომ გავხდი პირველი სკოლის მოსწავლე მსოფლიოში, რომელიც ავტორიტარულმა რეჟიმმა კორუფციის მხილებისთვის სანქციების სიაში შეიყვანა. /…/ მე აღმოვაჩინე მათი აქილევსის ქუსლი. A7A5-ის გარეშე ისინი ვერ შეძლებდნენ თავიანთი აგრესიული ომის დაფინანსებას.“
“ნოვაია გაზეტას” ცნობით, ბრიტანეთის მიერ სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღეს, თბილისში მიანიშნეს, რომ უკვე ჰქონდათ მიღებული ზომები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ Aifory, Arvix და Rapira Group უკვე გამოძიების ქვეშ იმყოფებოდნენ. Aifory და Arvix — თანხის სანაცვლოდ ფიქტიურ პირებზე იყო გაფორმებული, არ გააჩნდათ ოფისები და ქონება. Rapira Group — დარეგისტრირდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით, არ გააჩნდა ოფისები/აქტივები საქართველოში. კომპანია ექსკლუზიურად ემსახურებოდა რუსეთის მოქალაქეებს (rapira.net) რუსული რეგისტრატორის მეშვეობით.
სამინისტროს თქმით, 2026 წლის 28 აპრილს გაიმართა სასამართლო პროცესი: ორი კომპანიის ხელმძღვანელი დაჯარიმდა 30,000 ლარით, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორს, დავით ჯინჭარაძეს, 9,5 წლით რეალური პატიმრობა მიესაჯა.
“ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ უკანონო ტრანზაქციები თავად ეროვნულმა ბანკმა გამოავლინა და შეატყობინა ბრიტანულ მხარეს. თუმცა ოპოზიციას გაუჩნდა კითხვა: რატომ არ აცნობეს საგამოძიებო უწყებებმა საზოგადოებას საჯაროდ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე? პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ შეკითხვას თავი აარიდა და განაცხადა, რომ ზუსტად არ იცოდა კომუნიკაციის დეტალები”, – წერს “ნოვაია გაზეტა”.
ამავე სტატიის თანახმად, თბილისს ევროპელებთან გარკვეული კომუნიკაცია აშკარად ჰქონდა. 11 ივნისს საქართველოს პროკურატურამ, შსს-მ და ფინანსთა სამინისტრომ მასშტაბურ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს. ოპერაცია მიზნად ისახავდა 2022 წლიდან მოქმედი კრიპტოქსელის გამოვლენას. საუბარია „კრიპტომიქსერ“ AudiA6-ზე, რომელიც მაღალი საკომისიოს სანაცვლოდ საეჭვო ტრანზაქციების კვალს ფარავდა.
თაღლითობა: ვარაუდობენ, რომ 2026 წლის აპრილში AudiA6-ის მეშვეობით ლეგალიზდა 9,5 მილიონი დოლარი, რომელიც მომხმარებლებს მოპარეს ყალბი აპლიკაციის, Ledger Live-ის საშუალებით (რომელიც თაღლითებმა Apple-ის ოფიციალურ მაღაზიაში განათავსეს).
საერთაშორისო ჩართულობა: ოპერაციას კოორდინაციას უწევდნენ ევროპოლი და ევროიუსტი, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის და პოლონური უწყებების ჩართულობით.
საქართველოში, აჭარაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად:
-
დააკავეს 2 უცხოელი.
-
დააყადაღეს 173 ავტომობილი.
-
დააყადაღეს ძვირადღირებული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.

6 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·