სააპელაციომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე კოლდარი და კუჭუაშვილი პატიმრობაში დატოვა

10 hours ago 2

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 2024 წელს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე დავით კოლდარი და გიორგი კუჭუაშვილი პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება დღეს, 17 ოქტომბერს გამოცხადდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით:

  • წყლის ბოთლის სროლისთვის დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) გაასამართლეს. სააპელაციო სასამართლომ მას ბრალი გადააკვალიფიცირა 353-ე მუხლის პირველ ნაწილად (პოლიციელზე ძალადობა) - მას ოთხი წლის ნაცვლად ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მოსამართლეს მისი ჯარიმით გათავისუფლებაც შეეძლო;
  • დავით კოლდარისთვის წაყენებული ბრალი და სასჯელი უცვლელი დარჩა - სხვისი ნივთის განადგურებისთვის (მუხლი 187) მას ორი წელი და სამი თვე აქვს მისჯილი.

წაყენებული ბრალი:

  • პროკურატურის მტკიცებით, 2024 წლის 16 აპრილის აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე დავით კოლდარი საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ახტა და ფეხით შუშა ჩაამტვრია. გამოძიების მტკიცებით, მას ამაში ფული გადაუხადეს - კოლდარი წაყენებულ ბრალს აღიარებს.
  • 30 წლის გიორგი კუჭუაშვილი 2024 წლის მაისში დააკავეს. ის კოლდარის მსგავსად არის ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, ის არ უარყოფს, რომ პოლიციელების მიმართულებით ნახევრადსავსე პლასტმასის ბოთლი ისროლა, თუმცა ბრალდების კვალიფიკაციას არ ეთანხმება, ანუ პოლიციელზე თავდასხმად არ მიიჩნევს.

„აგენტების კანონის“ შესახებ:

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო, საქართველოში საპროტესტო აქციების და აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა ამ კანონზე. მას ვეტო დაადო მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას „მტკიცედ ურჩია“, გაეუქმებინა სამი მოსმენით მიღებული კანონი მისი „ფუნდამენტური ხარვეზების“ გამო.

კომისიამ შეისწავლა კანონპროექტის თავსებადობა საერთაშორისო ნორმებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და დაასკვნა, რომ იგი ეწინააღმდეგება კონვენციის ოთხ მუხლს:

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას;
  • გამოხატვის თავისუფლებას;
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას;
  • დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას.

2024 წლის 28 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო.

სრულად წაკითხვა