საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღეა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამო. 5 იანვარს, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა. მათ დღეს, 9 იანვარს დაკრძალავენ.
გლოვის ნიშნად სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს.
ინფორმაცია, რომ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, 8 იანვარს გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.
ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვა 6 იანვარს იყო გამოცხადებული.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში 5 იანვარს, დილით მომხდარი ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდნენ ბებია და მასთან ზუგდიდიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი.
ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. ადგილობრივ მცხოვრებთა თანახმად, ბებიას სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. ხის პატარა სახლს ცეცხლი სწრაფად მოედო. ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის.
ბავშვების ბებია დამწვრობით თავდაპირველად რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი - ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.