საბერძნეთის პარლამენტმა 16 ოქტომბერს დაამტკიცა კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს, ურთიერთშეთანხმებით დააწესონ 13-საათიანი სამუშაო დღე. კანონპროექტი მმართველმა პარტიამ „ნეა დიმოკრატიამ“ შეიტანა, რომელსაც პარლამენტში უმრავლერსობა აქვს. ამის შესახებ გამოცემა cnn.gr წერს.
შრომის მინისტრმა ნიკი კერამეოსმა განაცხადა, რომ „არსებობენ თანამშრომლები, რომლებიც თავად ითხოვენ სამუშაო დღის გახანგრძლივებას“, თუმცა ოპოზიცია და პროფკავშირები კანონპროექტს მკაცრად ეწინააღმდეგებიან.
ოპოზიციის და პროფკავშირების მწვავე პროტესტი
სოციალისტური პარტიის ლიდერმა ნიკოს ანდრულაკისმა განაცხადა, რომ დასაქმებულთა „შრომითი უფლებები სერიოზულად ირღვევა“, ხოლო „სირიზას“ თავმჯდომარე სოკრატის ფამელოსმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი უკვე იქცა დაბალანაზღაურებადი შრომის ქვეყნად, სადაც ადამიანები უფრო მეტს მუშაობენ, მაგრამ ნაკლებს იღებენ.
პროფკავშირები აფრთხილებენ მთავრობას, რომ 13-საათიანი სამუშაო დღე საფრთხეს უქმნის მუშაკთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და პირად ცხოვრებას. მათ თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ კანონი ფორმალურად ნებაყოფლობაზეა დაფუძნებული, ბევრი ვერ შეძლებს უარის თქმას, რადგან ძალთა ბალანსი დამსაქმებლებსა და მუშაკებს შორის დარღვეულია“.
მასობრივი გაფიცვები და ტრანსპორტის პარალიზება
კანონის მიღებამდე საბერძნეთში გაიმართა გაფიცვები და დემონსტრაციები, რომელთა შედეგად ათენსა და სხვა დიდ ქალაქებში პარალიზებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მუნიციპალური სერვისები.
სახელმწიფო სექტორის მუშაკთა პროფკავშირების – ADEDY-ს განცხადებით, „მოქნილი სამუშაო გრაფიკი“ სინამდვილეში ნიშნავს რვასაათიანი სამუშაო დღის გაუქმებასა და გადაჭარბებული ექსპლუატაციის ლეგალიზებას.
უპრეცედენტო გადაწყვეტილება ევროკავშირში
გამოცემა Politico-ს შეფასებით, საბერძნეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც ოფიციალურად დაშვებულია 13-საათიანი სამუშაო დღე. ცვლილება განსაკუთრებით შეეხება ქარხნების, სასტუმროებისა და საცალო ქსელების მუშაკებს, რომელთაც შესაძლოა უფრო გრძელ ცვლებში მოუწიოთ მუშაობა.
ნინო ბაჯელიძე