საბჭოს წევრები საზმაუს ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო სხდომის მოწვევას ითხოვენ

2 hours ago 4

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ლაშა ტუღუში მოითხოვეს საბჭოს სხდომის დანიშვნას, რომელიც უნდა მიეძღვნას პირველი არხის ეთერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც არავინ მიეხმარა პირდაპირ ეთერში გულწასულ 10 წლის გოგონას.

ამის შესახებ ცნობას ლიკა ბასილაია-შავგულძე ავრცელებს.

“მე და ლაშა ტუღუშმა მოვითხოვეთ სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით. ვასილ მაღლაფერიძემ მოგვწერა, რომ სხდომა ჩაინიშნა ორშაბათს დილის 12 საათზე “სამუშაო ფორმატში”, რაც ნიშნავს, რომ სხდომის ტრანსლირება არ უნდა მოხდეს. ამაზე ლაშა ტუღუშმა გაუგზავნა მეორე წერილი, სადაც მოითხოვა სხდომაზე არა მხოლოდ ტექნიკური პერსონალის დასწრება, არამედ – გენერალური დირექტორის, იურიდიული სამსახურის და HR ის. ჩვენ ვითხოვთ სხდომა დაინიშნოს ხვალ, იყოს ტრანსლირებული არა მხოლოდ ფეისბუქით, არამედ პირდაპირი ეთერითაც პირველ არხზე, ჩვენ ვითხოვთ სხდომას დაესწროს გენერალური დირექტორი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამსახურის უფროსი”, – წერს ლიკა ბასაილაია-შავგულიძე.

10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მას იმედი აქვს, რომ გამოძიება დაინტერესდება, შეამჩნიეს თუ არა სტუდიაში მისი შვილის მოწყვეტით დავარდნა გადაცემის წამყვანებმა, „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლებმა ან იმ პირებმა, ვინც იმ დროს სტუდიაში იმყოფებოდა.

„წამყვანები, ოპერატორები, მშობლები, „სიმღერის აკადემია“, – ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, სადღაც 20-მდე ადამიანი მაინც იქნებოდა. ვინც დაინახა და არ ჰქონდა რეაგირება, გამოიჩინა გულგრილობა, მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. ვინც იმ წუთებში იმყოფებოდა სტუდიაში, ყველას მიმართ მაქვს პრეტენზია. ამიტომ გამოძიება ალბათ დაადგენს ვინ იმყოფებოდა სტუდიაში, ვინ დაინახა ჩემი შვილის მოწყვეტით დავარდნა და ამაზე არ ჰქონდა რეაქცია“, – ამბობს თამარ აკობია „ბათუმელებთან“.

ის ამბობს, რომ გამოძიებისთვის მას ჯერ არ მიუმართავს, თუმცა გავრცელებული ვიდეო და საზოგადოების რეაქციები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაიწყოს მომხდარზე.

თამარ აკობია ასევე ითხოვს ბოდიშის მოხდას „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელებისგან, რადგან მათ წაიყვანეს დილის გადაცემაში მონაწილეობისთვის ბავშვები, მათ შორის 10 წლის ანკა, რომელიც პირდაპირი ეთერის დროს სცენაზე მოწყვეტით დაეცა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღებას არავინ მიაქცია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა დამირეკა და მომიხადა ბოდიში, ამიტომ ველოდები მათ ბოდიშსაც. ბოდიში მოუხადონ ბავშვს, ოჯახს და ყველა იქ მყოფ ბავშვს იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში ამღერეს ანკას თანაგუნდელები. ამ შემთხვევით დააზიანეს არა მარტო ანკა, მთელი გუნდი, არასრულწლოვნები, მოზარდები დააზიანეს.

ამ ბავშვების მიმართაც იყო კრიტიკა, ამიტომ არ არის ადვილი მოსასმენი კრიტიკა საზოგადოებისგან. თუმცა მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში. თუ მშობელი ან ხელმძღვანელი არ ასწავლის, თუ სასწავლო დაწესებულება არ აჩვენებს მაგალითს, ჩვენ, საზოგადოებამ მაინც ვაჩვენოთ რა არის სწორი მაგალითი.

ეს არის ჩემი მიზანი, რომ გაიაზრონ ადამიანებმა თავიანთი შეცდომა და არა ის, რომ ვიღაც გავლანძღო. მიზანია ის, რომ ყველა სასწავლო დაწესებულება გამოფხიზლდეს და გაიგოს, რომ ბავშვებთან ასე უპასუხისმგებლო მოქცევა არ შეიძლება“, – ამბობს თამარ აკობია.

როგორც დედა ამბობს, სცენაზე დაცემის შედეგად მის შვილს დაუზიანდა თითები და ახლა ფიქსატორში აქვს, სხვა რაიმე სერიოზული დაზიანება არ მიუღია 10 წლის ანკას.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს და ჰკითხა, ხომ არ დაუწყიათ გამოძიება საზმაუს ეთერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, შსს ჯერ-ჯერობით ცვენს შეკითხვებს არ პასუხობს.

სრულად წაკითხვა