საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის 20 საჯარო საბავშვო ბაღში 55 ბავშვსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდა. უწყების განცხადებით, ინტოქსიკაცია „შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია“.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზარალებული ბავშვების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, გულისრევა და ღებინება. ექიმებს ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ, ხოლო რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ცალკე განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია“, – განაცხადა საგამოძიებო სამსახურმა 18 სექტემბერს. „კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება“.
უწყებამ განაცხადა, რომ „საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში“.
ამავდროულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღნიშნა, რომ თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს „სხვადასხვა კლინიკას“.
„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტომ განაცხადა, რომ ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 17 სექტემბერს კლინიკაში საჯარო საბავშვო ბაღებიდან 16 ბავშვი შეიყვანეს.
„რეანიმაციული ან ინტენსიური თერაპია არც ერთ პაციენტს არ დასჭირვებია“, – განაცხადა მან. „თუმცა, დიაგნოზის დასაზუსტებლად, საქმე გვაქვს კვებით ინტოქსიკაციასთან თუ სხვა მიზეზით გამოწვეულ გასტროენტერიტთან, საჭიროა შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება“.
ჩხაიძის თქმით, კვლევას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები