სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთს სტუმრობს

1 week ago 11

საქართველოს სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18 მაისს ჩინეთს ესტუმრა, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანს ვანგ ჰიუნინგს შეხვდა. ამ უკანასკნელს დასავლურ მედიაში ხშირად მოიხსენიებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარ იდეოლოგად და პრეზიდენტ სი ძინპინის ერთ-ერთ უახლოეს მრჩევლად.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაცით,  ეს პაპუაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში და ზოგადად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ბოლო 20 წლის განმავლობაში.

პაპუაშვილს თან ახლავს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრების დელეგაცია, მათ შორის მისი პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, დეპუტატები ნინო წილოსანი და სოზარ სუბარი, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

შეხვედრა ვანგ ჰიუნინგთან

18 მაისს შალვა პაპუაშვილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა.

 საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა უკანასკნელ წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში მიღწეული „მნიშვნელოვანი პროგრესი“ და ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2023 წელს განხორციელებულ ვიზიტს ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

შალვა პაპუაშვილმა „განაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულებას, ასევე, მტკიცედ უჭერენ მხარს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებას და საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის დაცვას“, – ნათქვამია პრესრელიზში. „ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა“.

„მხარეებმა გამოხატეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მზაობა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს“, – ნათქვამია პრესრელიზში. „ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების განვითარებაზე, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, ინოვაციების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე“. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივაში,“ ასევე, შუა დერეფნის პოტენციალის უკეთ ათვისების საჭიროება.

71 წლის ვანგ ჰიუნინგი არაერთმა დასავლურმა საერთაშორისო მედიასაშუალებამ და ანალიტიკოსმა აღწერა, როგორც ჩინეთის „იდეოლოგიური მეფე“, „კულისებში მყოფი იდეოლოგი“ და ქვეყნის ერთ-ერთი „ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალი“ და მას კომუნისტური პარტიის არაერთი კონცეფციის, მათ შორის ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის „ტვინად“ მიიჩნევენ. ყოფილი მეცნიერი და პროფესორი, ის ერთ-ერთია იმ ორი თანამდებობის პირიდან, რომლებიც პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხელახლა დანიშნა შვიდკაციან პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტში.

შეხვედრა ჭაო ლეძისთან

18 მაისს, შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის – ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები „სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება“.

პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, პაპუაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ საქართველოს ერთგულება.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ „დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში“, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მხარდაჭერა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და დაადასტურეს „საპარლამენტო კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა“.

„შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ შუა დერეფანი, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ტრადიციული ჩრდილოეთის დერეფნის ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივაა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა