26 მაისს საქართველო პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 108-ე წლისთავს აღნიშნავს. უცხო ქვეყნის ლიდერებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მილოცვები და კეთილი სურვილები გამოუგზავნეს.
„სამოქალაქო საქართველო“ საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს გთავაზობთ:
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო: „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს ხალხს გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ მათი მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ“.
ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოში: „ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III: „„მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის“.
პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში: „1918 წლის 26 მაისი აღნიშნავს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის სურვილს. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია ყველას გვერდით დგას თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს მხარდასაჭერად. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“
ვალიდ აბუ ჰაია, ისრაელის ელჩი საქართველოში: ამ განსაკუთრებულ დღეს გულითადად ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი საქართველოს თავისუფლების ურყევი სულისკვეთების, გამძლეობისა და ეროვნული სიამაყის ნათელი სიმბოლოა – ღირებულებებისა, რომლებიც ღრმად ეხმიანება ისრაელის ხალხს. ჩვენი ორი ერი, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, დაკავშირებულია უძველესი ისტორიით, საერთო დემოკრატიული პრინციპებითა და მტკიცე მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. საქართველო არის საამაყო ისტორიის, ლამაზი ტრადიციებისა და გამორჩეული ადამიანების ქვეყანა, რომლის სითბო, კულტურა და სულისკვეთება მრავალი ხალხებისთვის შთაგონების წყაროა. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას ნათელი მომავლის მშენებლობაში”.
This post is also available in:

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·