საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „ნატალია და დათუნა“ პროდიუსერი ელენე (ბაკა) კვირცხალია აცხადებს, რომ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის, დღეს უკვე პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის პროტესტის „ამოჭრა მოუწია“:
არასდროს ისეთი მძიმე არ ყოფილა ჩემთვის ამ არხზე მუშაობა, როგორც ამ პერიოდში იმიტომ, რომ არასოდეს მოუთხოვიათ ჩემთვის მოსაწვევი სტუმრების სიების კონტროლი და გადაცემიდან ვიღაცისთვის არასასურველი ფრაზების ამოჭრა და ძალიან სიმბოლურია, რომ ამის თქმა მიწევს, რადგან ამ წუთებში მიმდინარეობს ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო და ერთ-ერთი იყო სწორედ ანდრო, რომელმაც გამოხატა ჩემთან გადაცემაში პროტესტი. მაშინ კინოცენტრის პრობლემები იყო და ზუსტად ორ წინადადებაში ადამიანმა ძალიან ლაკონიურად და ძალიან მშვიდად გამოხატა ეს პროტესტი და მომიწია ამის ამოჭრა – ეს ერთ-ერთი იყო.
ჩემი სოლიდარობა ანდროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა იქ არის. ნიკა კაცია მინდა გამოვყო ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც ახლა მძიმე პირობებშია. ძალიან გული მწყდება, ძალიან ვამაყობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ვარ და არ მინდა, ასე გრძელდებოდეს. მინდა, რომ რადიკალურად შევცვალოთ ყველაფერი“, – აცხადებს ელენე (ბაკა) კვირცხალია.