საზმაუში ირწმუნებიან, რომ პირდაპირ ეთერში ბავშვის გონების დაკარგვა და წაქცევა არხის არცერთ თანამშრომელს არ დაუნახავს

6 hours ago 2

საზოგადოებრივ მაუწყებელში ირწმუნებიან, რომ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ბავშვის გონების დაკარგვა და წაქცევა არცის არცერთ თანამშრომელს არ დაუნახავს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს დაადგინეს “პირველი არხის ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით”.

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კადრები, სადაც ბავშვის წაქცევა ჩანს, ტელევიზის პირდაპირ ეთერში არ გასულა. როგორც ცნობილია, აღნიშნული ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მშობლის გადაღებულია.

“საქართველოს პირველი არხისთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია, განსაკუთრებით კი – ბავშვი. მაუწყებელს საბავშვო პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მსგავსი პროექტების ფარგლებში მოქმედებს უსაფრთხოების მკაფიო სტანდარტებითა და შესაბამისი რეაგირების პრაქტიკით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული და შემდგომ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ტირაჟირებული ვიდეომასალა არ წარმოადგენს საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასულ კადრებს. აღნიშნული ვიდეო გადაღებულია სტუდიაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის მიერ, რომელიც, სხვა მშობლებთან ერთად, ესწრებოდა გადაცემის პირდაპირ ეთერს.

პირველი არხის ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც.

პირველ არხს ჰქონდა კომუნიკაცია როგორც არასრულწლოვნის მშობლებთან, ასევე „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან. ჩვენთვის არცერთი სატელევიზიო/რადიო ეთერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მაუწყებელი მოქმედებს შესაბამისი პროტოკოლისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”, – წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

9 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის გადაცემაში იმღერა ბავშვთა აკადემიის გუნდმა. სიმღერის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა გონება დაკარგა და დაეცა. თუმცა, როგორც თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული კადრიდან, ისე დარბაზში, ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, მომხდარზე მყისიერი რეაგირება არავის ჰქონია. ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი კიდევ 2 წუთს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ის წაქცეული იყო, სასიმღერო ნომერი კი გრძელდებოდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს, 10 ივნისს გაავრცელა ბავშვის ბებიამ, ნინო კუხალეიშვილმა. მისი ინფორმაციით, ბავშვს სერიოზული პრობლემა არ აქვს, თუმცა ის წუხს იმ გულგრილობის გამო, რაც მისი შვილიშვილის მიმართ გამოიჩინეს პასუხისმგებელმა პირებმა.

“სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება მაინც ყურადღების მიღმა დარჩა”, – წერს ნინო კუხალეიშვილი.

საზოგადოების კრიტიკისა და კითხვების შემდეგ, განცხადება გაავრცელა სიმღერის აკადემიამ. ისინი უარყოფენ, რომ ბავშვის მიმართ უყურადღებობა გამოიჩინეს და ამბობენ, რომ ეს აღქმა “არაოფიციალური (დარბაზიდან გადაღებული) კადრები და მასზე საზოგადოების მხრიდან თანდართული ინტერპრეტაციების” გამო შეიქმნა.

“პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა. სატელევიზიო ეთერში ეს მომენტი საერთოდ არ ჩანს – ხელმძღვანელებმა გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა და როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი”, – წერია აკადემიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გონების დაკარგვის შემდეგ ბავშვის წამოჯდომა არ ჩანს არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ კადრებში და არც დარბაზიდან გადაღებულ, როგორც აკადემიაში უწოდებენ –  “არაოფიციალური კადრებში”. პირველი არხის პირდაპირ ეთერი ბავშვის წაქცევა საერთოდ არ ჩანს – კადრი ზუსტად იმ მომენტში იცვლება, როცა (დარბაზიდან გადაღებული ვიდეოს მიხედვით), ბავშვი იქცევა.

“მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთადერთი, ვინც უშუალოდ დაცემის მომენტი დაინახა, მის გვერდით მდგარი ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მყისიერადვე მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ მას”, – ამბობენ სიმღერის აკადემიაში.

ბავშვის წაქცევას ხედავს მინიმუმ 6 თანატოლი. კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე მათგანი ინსტინქტურად აპირებს დახრას წაქცეულისკენ, თუმცა ისინი სიმღერას აგრძელებენ. როგორც ბავშვის ბებია წერს, უფროსებმა მათ ანიშნეს, რომ სიმღერა გაეგრძელებინათ. თუმცა, არცერთ კადრში, მათ შორის არც დარბაზიდან გადაღებულ უწყვეტ ვიდეოში არ ჩანს, რომ რომელიმე მათგანი წაქცეულს გამოელაპარაკა, როგორც ამას სიმღერის აკადემიაში ამტკიცებენ.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა