თინათინ ბერძენიშვილის დირექტორობის დროს მაუწყებელი ახალ შენობაში გადავიდა, განახლდა ტექნიკა და ავტოპარკი. ამავდროულად ისმოდა კითხვები სარედაქციო პოლიტიკის ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ მიმართ მიკერძოებასთან დაკავშირებით. არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“ - მისი წამყვანი არხის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო გაათავისუფლეს. კონტრაქტი შეწყდა საინფორმაციო გამოშვების წამყვანათანაც, რომელიც მენეჯმენტს მიკერძოებაში ადანაშაულებდა.
მას მხარი დაუჭირეს:
- სოსო სტურუა: „გადაწყვეტილება არ მიმიღია მხოლოდ დღეს. ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს ვიცნობთ როგორც პროფესიონალს, ორგანიზაცია წინ მიდის - ვითარდება, რეიტინგი იზრდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ხელმძღვანელს ასეთი მაღალი ავტორიტეტი აქვს თანამშრომლებში, ეს იშვიათია. ამ ყველაფრის ჯამი მაძლევს საშუალებას, მივიღო დადებითი გადაწყვეტილება“;
- თამილა დოლიძე: „ჩემი უპირობო მხარდაჭერა ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს. ჩემთვის ყველაზე მთავარი, რაც წეღან გამომრჩა და არ ვთქვი ის იყო, რომ თქვენ შეძელით კრიზისების დროს მაუწყებლის საუცხოოდ მართვა. ეს ყველა მენეჯერს არ გამოსდის... საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში არის პირველი ტელევიზია, არის მიუკერძოებელი. ვერ დავეთანხმები ვერავის, რომ არის პროპაგანდისტული. არანაირად არ არის პროპაგანდისტული“.
- დავით ქართველიშვილი: „ჩემი ხმა უპირობოდ თქვენ გეკუთვნით... ნუ ავყვებით სხვის პროპაგანდას, ვიყოთ მიუკერძოებლები და შევინარჩუნოთ ეს ხაზი - პოლარიზების გაღრმავებას არაფერი არ სჭირდება საქართველოში, მაგრამ მის დაძლევას სჭირდება ყოველდღიური შრომა“;
- გია იაკობაშვილი: „ძალიან რთულ პერიოდში მოგიწიათ მუშაობა, ქალბატონო თინათინ. იყო კრიზისები, მაგრამ იყო ღირსეული გამკლავება. მე სამი სიტყვით მინდა დავახასიათო თქვენი და თქვენი გუნდის მუშაობა. ეს არის: პროფესიონალიზმი, ღირსება და კეთილსინდისიერება“.
- იზაბელა ოსიპოვა: „ნამდვილად ძლიერი პროფესიონალი მენეჯერი ხართ. სახეზეა ტელევიზიის მუშაობა, შენობა, რომელშიც დღეს ვმუშაობთ - ჟურნალისტებს აქვთ არაჩვეულებრივი პირობები... არალოგიკური იქნება, მე რომ ახლა უარი გითხრათ. ჩემი ხმა და მხარდაჭერა თქვენ“.
- გიორგი კოხრეიძე: „წლებია გიცნობთ და პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ როცა არ ბრძანდებოდით დირექტორი, ჩემთვის იყავით ერთ-ერთი გამორჩეული ხელმძღვანელი იმ განყოფილების, რომელიც იყო ტელევიზიაში. ამის შემდეგ, როცა თქვენ მოხვედით დირექტორის თანამდებობაზე, ყოველთვის ვამბობდი, რომ „დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო ტელემენეჯერი“. ამაში თქვენი 6 წლის საქმიანობის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით“.
- გიორგი მურღულია: „რაც ძალიან მომწონს ქალბატონ თინა ბერძენიშვილში და ჩემს მეგობარში, ეს არის გასაოცარი, მშვიდი კომპეტენცია. ყველაზე რთულ დღეებში ადამიანი არ კარგავს თვითკონტროლს, საღი განსჯის უნარს, საზოგადოების მიმართ კულტურული ურთიერთობის ძალიან მაღალ დონეს“.
- ვასილ მაღლაფერიძე: „რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს, თინათინ ბერძენიშვილი არის ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ვიყავით. ამას ჰქონდა მცირე ობიექტური მიზეზები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სუბიექტური მიზეზები - ეს არის მისი პიროვნული და პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე. რომ არა თინათინ ბერძენიშვილი, ჩვენ ამ შენობაში არ ვიქნებოდით“.
მხარი არ დაუჭირეს:
- ლაშა ტუღუში: „ვერ დავუწერ ქალბატონ თინას კანდიდატურას მხარს. მე მეტიც ვთქვი, იმ მიზეზების გამო, რაზეც პასუხები ვერ მივიღე. ვთვლი, რომ სავსებით საკმარისია გადაწყვეტილება მიმეღო“.
- ლიკა ბასილაია-შავგულიძე: „სამწუხაროდ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში და ახლაც, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაიქცა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ მანქანად. რა თქმა უნდა, მე თქვენ მხარს არ დაგიჭერთ“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი 6 წლის ვადით აირჩევა - თინათინ ბერძენიშვილისთვის ეს მეორე ვადაა. არცერთ სხვა დირექტორს ამ თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე არ უმუშავია.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·