შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაასახელა.
საკონკურსო კომისია 9 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში არიან: გივი აბესაძე, მარიამ გვიდიანი, როზეტა გუჯეჯიანი, თამარ კეკენაძე, დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, ნინო მეუნარგია, სოფიო ნიკოლაიშვილი და შორენა შავერდაშვილი.
როგორც შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საკონკურსო კომისიის წევრები იმ სუბიექტებთან კონსულტაციების გზით შეირჩა, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში კანდიდატების დასახელების უფლება აქვს. იგულისხმება საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო ოპოზიცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სახალხო დამცველი.
საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს/წარუდგენენ პარლამენტს. საბოლოოდ სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, რომელთაგან სამს: ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ვადა ეწურება. ზაზა აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით აირჩიეს, გია მურღულია კი – „ქართული ოცნების“ უმრავლესობის.
თუმცა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა.
კერძოდ, უქმდება მეურვეობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურა, მეურვეობის კანდიდატებს კი მათი წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები თავიანთი შეხედულებით წარადგენენ. ამასთანავე, მეურვის კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლისა და განხილვის უფლებამოსილება ენიჭება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განახორციელებს აგრეთვე მეურვეობის კანდიდატის მოსმენას კომიტეტის საჯარო სხდომაზე და გასცემს რეკომენდაციას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ არჩევის ან არჩევაზე უარის თქმის თაობაზე.
ამასთან, ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატის არჩევისთვის პირველივე ჯერზე საკმარისი იქნება 50 ხმა, ხოლო სხვა სუბიექტების მიერ დასახელებული კანდიდატების ასარჩევად – 76 ხმა.

1 week ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·