საია აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი მომიტინგეების წინააღმდეგ სადამსჯელოდ გამოიყენება

1 month ago 6

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურა და სასამართლოები მანიპულირებდნენ სისხლის სამართლის ბრალდებებით და აჭიანურებდნენ სისხლის სამართლის პროცესებს პროტესტის ჩასახშობად. ანგარიში დემონსტრანტების წინააღმდეგ 50 სისხლის სამართლის საქმეს ეფუძნება. მათ შორისაა აპრილსა და მაისში „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექვსი პირის, ასევე 2024 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 38 პირის საქმეები. დაახლოებით 400 მომიტინგე დააკავეს საპროტესტო აქციების დროს, თუმცა უმეტესობა ადმინისტრაციული ბრალდებით.

ანგარიშის თანახმად, აქტივისტების მიმართ უმეტესად წარდგენილია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ნივთის დაზიანების სისხლის სამართლის ბრალდებები.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა მიმართ სისხლის სამართლის პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ მათი  საქმეთა განხილვა ჭიანურდება, საქმეთა უმრავლესობაში მტკიცებულებები უდავოდაა ცნობილი, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლო საქმის განხილვას არ ასრულებს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზებით სხდომებს დიდი დროით დებს. საია აცხადებს, რომ პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებენ საქმის განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის საპრეზიდენტო ვადაც დეკემბერში იწურება, აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამისლების ფარგლებში ვერ მოასწროს. „ბრალდების და სასამართლო ორგანოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან“, – აცხადებს საია.

კიდევ ერთი გამოკვეთილი პრობლემა გამოძიების დროს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის – გამოყენებაა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა შემთხვევაში, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის გამოყენების შესახებ  ბრალდებულების ისეთი გარემოებების მხედველობაში მიღების გარეშე, როგორებიცაა: ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, მათი პიროვნება, საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობა, ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. ზოგიერთი დაკავებული იყო ერთადერთი მარჩენალი ან მომვლელი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრის. ბრალდების მხარის დასაბუთება პატიმრობის გამოყენების შესახებ ეყრდნობოდა განზოგადებულ რისკებს, როგორიცაა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურება ან ახალი დანაშაულის ჩადენა.

გარდა ამისა, პროკურატურა რეგულარულად იყენებდა ბრალდების ჩადენის დამამძიმებელ გარემოებას, როგორიცაა „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება“, მიუხედავად კოორდინირებული ან კოლექტიური მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების ნაკლებობისა. ანგარიშის თანახმად, ბრალდებულთა ნაწილს ბრალს სდებდნენ იზოლირებულ ქმედებებში სხვადასხვა დროსა და ადგილას, ურთიერთცოდნისა და განზრახვის მტკიცებულების გარეშე. საია ეჭვქვეშ აყენებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა) ბრალდებების მართებულობას, იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურა ინდივიდებს ბრალად სდებს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორებიცაა საგნების სროლა, მაგრამ ვერ აკავშირებს აღნიშნულ ქმედებებს ერთობლივ და კოლექტიურ ძალადობასთან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ამგვარი სადამსჯელო გამოყენება პროკურატურის ხელში შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და პოლიტიკური დევნის საშუალება.

საიას ანგარიში ასევე ხაზს უსვამს არასათანადო მოპყრობისა და წამების რამდენიმე შემთხვევას და ასეთი შემთხვევების მაგალითად ოპოზიციის ლიდერს ალეკო ელისაშვილს, საბა სხვიტარიძესა და რევაზ კიკნაძეს ასახელებს. სხვიტარიძე, სავარაუდოდ, ორჯერ სცემეს პატიმრობაში, ხოლო კიკნაძეს ფსიქოლოგიური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ორგანიზაცია საგანგაშშოდ მიიჩნევს, რომ ამ დრომდე არ მომხდარა არც რუსული კანონის პროტესტის და, ასევე, არც 28 ნოემბრის შემდგომი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.

„მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა