WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9

საბავშვო ბაღებში გასტროენტერიტის შემთხვევების გამომწვევი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იუწყება. უწყების ცნობით, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია, აღსაზრდელთა უმრავლესობა კი უკვე გამოჯანმრთელების ეტაპზეა.

უწყების თანახმად, ლაბორატორიული კვლევები გრძელდება და საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთო.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო.
ამასთან აღსანიშნავია, რომ კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება.
ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია.
ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ – ტემპერატურის მატება. იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს.
ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ამასთან, ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა – ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, დაბინძურებული ზედაპირების დამუშავება.
აქვე აღსანიშნავია, რომ საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით პირველივე ეტაპზე ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, – ნათქვამია განცხადებაში. 

უკვე სამი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი – რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.