სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება

1 week ago 5

ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პირველი ბრიფინგი 9 იანვარს ახალი ოფისიდან გამართა. მან ისაუბრა “ძალზედ ღრმა” პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც საქართველო იმყოფება და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად “არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.” ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს მუშაობას ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით. მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, რომელიც 20 იანვარს გაიმართება ვაშინგტონში, აშშ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სახელმწიფო, რომელსაც ქართველები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აშენებდნენ, “პრაქტიკულად დაშლის პირასაა.” მან ვრცლად ისაუბრა მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფოს მიტაცებაზე, კონსტიტუციის ღალატსა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე. მისი თქმით, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო, პარლამენტი და მთავრობა, აღარ არსებობენ და ისინი ერთ პარტიასა და ერთ კაცს აქვს მიტაცებული.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ “ძალიან ღრმა” კრიზისიდან “ერთი და ერთადერთი გამოსავალი” არჩევნებია.

მისი თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს. იგი მიესალმება დასავლეთის პოზიციას, არ აღიაროს ოქტომბრის არჩევნების შედეგები და არ მისცეს ლეგიტიმაცია მმართველ მთავრობას. ზურაბიშვილმა თქვა, რომ აქტიურადაა ჩართული დასავლელ ლიდერებთან, რათა ქვეყანა იზოლაციიდან გამოიყვანოს.

ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ იგი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება და რომელზეც იგი კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში მას მაღალი დონის შეხვედრები ექნება.

“არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს,” თქვა ზურაბიშვილმა და ქვეყანაში მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო სცენარი განიხილა: პირველ შემთხვევაში მმართველი პარტია აცნობიერებს მოცემულ რეალობასა და ხალხის ნებას, შესაბამისად კი ნიშნავს ახალ არჩევნებს; მეორე შემთხვევაში, რომელიც, მისი აზრით, ქვეყნისთვის ბევრად უფრო რთული გზაა, მმართველი პარტია “დაელოდება თავის ბოლომდე დაშლას.”

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ შეხვდება ხალხს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც. “ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება, იმიტომ რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოზე, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების და მისი კურსის გარეშე არ შეიძლება რომ იყოს მიღწეული,” თქვა მან.

კითხვაზე, შექმნის თუ არა თავის პოლიტიკურ პარტიას, ზურაბიშვილმა განაცხადა: “მე ვარ პრეზიდენტი და მე ვიქნები პრეზიდენტი. რა ფორმით ვიმუშავებ ამ პოლიტიკურ პარტიებთან, ეს ხვალის კითხვაა,” დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა