WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება მისი მოქალაქეების არჩევანის საკითხი არ არის, რადგან ის უნდა იყოს უფრო ძლიერი და საკუთარ თავზე დამოკიდებული, რაც გაფართოების გარეშე ვერ მიიღწევა. 13 ოქტომბერს „ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის“ (WSF) ფარგლებში, ბრიუსელის სცენაზე გამართულ დისკუსიაში - „დემოკრატიული ფრონტი: ლიდერობა რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ“ - მონაწილეობისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წარსულის მსგავსად, დასავლეთი კვლავაც სიფრთხილით ეკიდება რუსეთს:

„ვფიქრობ, ნაწილობრივ ვხედავთ იმავე სიფრთხილეს რუსეთის მიმართ, იმის მიუხედავად, რაც უკრაინაში მოჩანს. ისინი ფრთხილები არიან, კითხულობენ - რა მოხდება, თუკი რუსეთი დაინგრევა? - არავინ ლაპარაკობს რუსეთის დანგრევაზე, მაგრამ სრული გამარჯვება უნდა იყოს სრული გამარჯვება - ეს ერთი; მეორე - იდეა, რომ ევროპის გაფართოება ევროპელების არჩევანის საკითხია, მცდარად მიმაჩნია, რადგან ხვალინდელ სამყაროში ევროპა უნდა იყოს უფრო დიდი, უფრო ძლიერი, რადგან ის საკუთარ თავზე უნდა იყოს დამოკიდებული. ეს უფრო და უფრო ნათელი ხდება. როგორ იქნება ევროპა ძლიერი იმ სამხედრო ძლიერების გარეშე, რომელსაც უკრაინა აჩვენებს დღეს, თუკი იქ არ იქნება ბელარუსი, თუკი არ ეყოლება კავკასია და არ ექნება, რასაც ჰქვია შავ ზღვაზე კონტროლი? რაც არის ერთ-ერთი მიზანი, რომლის მისაღწევადაც სურს რუსეთს უკრაინაში ომის მოგება“.

სალომე ზურაბიშვილის გარდა, „ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ ვიცეპრეზიდენტი ვლადიმირ კარა-მურზა და ბელარუსის გარდამავალი კაბინეტის ხელმძღვანელი სვიატლანა ციხანოუსკაია. დისკუსიას უძღვებოდა Independence Avenue Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ია მეურმიშვილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რისი შეცვლაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტმა, რომელსაც საქართველოსთვის დემოკრატიული, პროევროპული მომავალი სურს, განსხვავებული რეალობა შექმნას. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს დაკავშირებულია უკრაინის „მკაფიო“ გამარჯვებასთან, რუსეთის საბოლოო დამარცხებასა და დასავლეთის პრინციპულობასთან:

„ვფიქრობ, ნაწილობრივი პასუხი არის მკაფიო ცვლილება, მკაფიო შედეგი უკრაინაში. გეთანხმებით, რომ რუსეთმა წააგო, მაგრამ ეს ჯერაც ბოლომდეა მისაყვანი, რომ მარცხად ტრანსფორმირდეს. და ამას ძალიან კარგად ვხედავთ საქართველოში, სადაც ეს რეჟიმი (ეს სიტყვა აღარ არის ნებადართული საქართველოში) ყოველ ჯერზე, როცა მოსკოვში სისუსტე შეინიშნება, იწყებს მლიქვნელობას. არასტაბილურობაც ვრცელდება ხოლმე საქართველოზე, რადგან ცალსახაა, რომ ისინი საქართველოში რუსეთის წყალობით არიან. რეალურად, მათი ანტიევროპულ ძალაუფლებად კონსოლიდაცია, რაც იყო 180 გრადუსით ცვლილება, მოხდა 2021 წლის ზაფხულში - იმ დროს, როცა რუსეთმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ამ პარალელის დანახვა. ანუ, ერთი არის ის, თუ რა მოხდება უკრაინაში და მეორე - ჩვენი დასავლელი მოკავშირეების პრინციპულობა. როცა მესმის „გამარჯვებისკენ გზაზე“, გამარჯვების გზა არ სრულდება ნატოს საზღვართან და მე არ ვგულისხმობ მაინცდამაინც სამხედრო გამარჯვებას, არამედ პრინციპულობას და რწმენას, რომ არ არის საჭირო შეინარჩუნო რუსეთი იმ სახით, როგორიც ის დღეს არის. ძალიან რთულია დემოკრატიული რუსეთის წარმოდგენა, რომელსაც კვლავ დაკავებული ექნება მსოფლიოს ტერიტორიის ერთ მეშვიდედი. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია - შეუძლებელია იყო დემოკრატიული სახელმწიფო და იმპერია ერთდროულად. სწორედ ეს გვასწავლა ისტორიამ. არ უნდა არსებობდეს რუსეთის დამარცხების შიში. ვფიქრობ, ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან. დიახ, რუსეთი იქნება დამარცხებული, ის უნდა დამარცხდეს და უკრაინის მხრებზეა ახლა რუსეთზე გამარჯვების მთავარი ტვირთი და მას უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა ბოლომდე, არ უნდა შეჩერდეს ეს მხარდაჭერა სადღაც შუაში იმის შიშით, რომ მერე რაც მოხდება, მსოფლიოში მშვიდობას საფრთხეს შეუქმნის. არა, მსოფლიოში მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს ისეთი რუსეთი, როგორიც ის დღესაა. და საშიშია არა მხოლოდ მათთვის, ვინც რუსეთის მახლობლად, მათ საზღვრებთან ვართ, არამედ საშიშია სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ის მიწვდება ახალი ტექნოლოგიებით, რუსეთის ჰიბრიდული ომი კი კიდევ უფრო შორსაც მიწვდება. ასე რომ, მიღებული უნდა იყოს პრინციპული გადაწყვეტილება ავტორიტარიზმზე დემოკრატიის სრულ გამარჯვებაზე“.

დისკუსიის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ უკრაინისთვის ეფექტიანი დახმარებისა და ომში რუსეთის დამარცხების მნიშვნელობას. რუსმა ოპოზიციონერმა ვლადიმირ კარა-მურზამ კი განაცხადა, რომ “რუსეთში დემოკრატიის არსებობის საკითხი არ განეკუთვნება ქველმოქმედებასდა არ არის რაღაც, რისი არსებობაც „კარგი იქნებოდა“. ეს არის არსებითი საკითხი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ერთადერთი გზა, რომ ევროპა ოდესმე იყოს სრულად თავისუფალი და მშვიდობიანი, არის დემოკრატიულ რუსეთთან ერთად. ეს უნდა იყოს მიზანი. ეს უნდა დავისახოთ მიზნად და ერთად უნდა ვიმუშაოთ მის მისაღწევად“, - კარა-მურზას ეს ფრაზა მოიწონა დისკუსიის წამყვანმაც და მას დაეთანხმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც:

„დავეთანხმებოდი და ერთს დავამატებდი, რომ არაფერია ისეთი მოწყვლადი, როგორც ავტორიტარული რეჟიმი. გარედან და ზოგჯერ შიგნიდანაც, ისინი ძლიერები ჩანან და ისინი აძლიერებენ რეპრესიებს, მაგრამ ამავდროულად ისინი შინაგანად ძალიან სუსტები არიან. მე ვგულისხმობ რუსეთს, თუმცა დღევანდელი საქართველო ამისი მოდელია. შესაძლოა, ხელისუფლების მხარეს მეტი პატიმარია, მათ ძველ „მცველებს“ შორის, რომლებიც ციხეებში ჩაყარეს კორუფციისთვის ან სხვა სახის ღალატისთვის, რაც გამოყენებული იყო მათი ციხეში ჩასასმელად. ეს ტოტალური უნდობლობა... ოლიგარქი, რომელიც რეჟიმს უდგას სათავეში, მხოლოდ საკუთარ ვაჟს ენდობა. ძლიერების ნიშანი არ არის საკუთარი ოჯახის წინა პლანზე გამოყვანა რომ გიწევს და აღარავინ გყავს, ვისაც ენდობი. ასე რომ, მთელი ეს იდეები, რომ ისინი ავტორიტარები არიან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილები არიან და იქნებიან სამუდამოდ... იგივე იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე და ის დასრულდა. დიახ, ასეთი რეჟიმები არიან რეპრესიულები, ძლიერები, მაგრამ ამავდროულად არიან ძალიან სუსტები და ეს უნდა ვიცოდეთ და არ უნდა გვეშინოდეს მათი. ეს ეხება ევროპასაც - არ დანებდნენ იმას, რასაც ჩვენ არ ვნებდებით“.

სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის პროპაგანდასა და ჰიბრიდული ომის საფრთხეზეც:

„რამდენიმე წლის წინაც იმავეს ვიტყოდი და დასავლეთ ევროპის ზოგიერთი აუდიტორიისთვის ნათქვამიც მაქვს, რომ ჩვენ ბევრად დიდი გამოცდილება გვაქვს რუსული პროპაგანდის, 70-წლიანი და ვიცით, როგორ განვასხვავოთ პროპაგანდა, მის უკან არსებული სინამდვილისგან და კვლავაც ასე ვთვლი. ამავდროულად, ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ჯერაც პროპაგანდა ახდენს გარკვეულ ზეგავლენას. არ მინდა გადაჭარბებული მნიშვნელობა მივანიჭო მის ეფექტს, მაგრამ ის არსებობს და რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, არის ფაქტი, რომ მისი ბოლო ფაზა უკავშირდება ისტორიული ნარატივის ცვლილებას: როცა საქართველოში გესმის, რომ „გეორგიევსკის ტრაქტატი“, რომლითაც რუსეთის იმპერიამ მოახერხა საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მონარქიის, საქართველოს ეკლესიის გაუქმება 1783 წელს, არის ჩვენი გადამრჩენი დანარჩენი სამყაროსგან და ზოგიერთი ადამიანი ამას იმეორებს. ეს ისევე შემაშფოთებელია, როგორც ის, რომ, მაგალითად, გერმანიაში შეიძლება იყვნენ გარკვეული ჯგუფები (მე მათ პარტიებს არ ვუწოდებ), რომლებიც ამბობენ, რომ ორ სახელმწიფოდ ყოფნა სჯობს ერთ სახელმწიფოდ ყოფნას. ასე რომ, ნარატივი, რომელიც შეუძლებლად ჩანდა ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ასეთი პირდაპირი გამოცდილება აქვთ [რუსეთთან ურთიერთობის-რთ], უცბად შესაძლებელი ხდება. შესაძლებელი ხდება ის, რომ უზარმაზარი პროპაგანდის წონა, სოციალური ქსელებით, ხელოვნური ინტელექტით, მასობრივი პროპაგანდით ტელექსელებიდან, როცა ოპოზიციური თუ თავისუფალი მედია მცირეა ან თითქმის არ არსებობს, იყოს დამანგრეველი, განსაკუთრებით ქალაქებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელსაც შესაძლოა ნაკლები წვდომა ჰქონდეს ინფორმაციაზე.

ასე რომ, ჩემი გზავნილი ევროპელი პარტნიორებისადმი იქნებოდა ის, რომ არ დააკნინოთ ეს. არ დააკნინოთ ის, რომ რასაც რუსეთი ტესტავს საქართველოში ჰიბრიდული ომის სახით, იმ ფონზე, რომ აწარმოებს სამხედრო ომს უკრაინასთან, რომელიც რუსეთის საბოლოო ამბიციების გათვალისწინებით, მისთვის კარგად არ მიდის, შესაძლოა ეს ჰიბრიდული ომი პირდაპირ ვერ გადაიტანოს ევროპულ სახელმწიფოებზე, მაგრამ მისი ნაწილები უკვე გამოიყენება ბევრ ევროპულ ქვეყანაზე და ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ“.

„ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი“ 12 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. დისკუსიები იმართება რამდენიმე ქალაქში. ესენია: ვარშავა, ბრიუსელი, ჩიკაგო და მადრიდი. ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მოქმედი და ყოფილი ლიდერები, პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, სამხედრო პირები, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი“ დაფუძნდა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, „კასიმირ პულასკის ფონდის“ პრეზიდენტ ზბიგნიევ პისარსკის მიერ და ევროპისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის ერთ-ერთ უმთავრეს პლატფორმად იქცა.