ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ 16 აგვისტოს ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო იქ მყოფთ აფრთხილებს, რომ ღაზის ერთ უბანზე ინტენსიური დარტყმები დარჩენილ მოსახლეობას სასიკვდილო საფრთხეს უქმნის, იტყობინება AFP-ი.
ბოლო მონაცემები გავრცელდა მას შემდეგ, რაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა პალესტინის ტერიტორიის უდიდესი ქალაქის აღების გეგმები დაამტკიცა 22-თვიანი ომის შემდეგ, რომელმაც უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარული პირობები შეუქმნა მოსახლეობას.
სააგენტო იმოწმებს სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელს, მაჰმუდ ბასალს, რომელმაც განაცხადა, რომ ღაზის ზეიტუნის უბანში პირობები სწრაფად უარესდება, რადგან ისრაელის მიერ ძლიერი დაბომბვის გამო ხალხს საკვებსა და წყალზე თითქმის არ მიუწვდება ხელი.
მან თქვა, რომ ქალაქ ღაზის ამ რაიონში, სავარაუდოდ, იმყოფება დაახლოებით 50 000 ადამიანი, „რომელთა უმეტესობა საკვებისა და წყლის გარეშეა“ და აკლია „სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთები“.
ღაზაში მედიის შეზღუდვისა და პალესტინელთა ტერიტორიის დიდ ნაწილებზე წვდომის სირთულეების გამო, AFP-ს არ შეუძლია, დამოუკიდებლად გადაამოწმოს სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ან ისრაელის სამხედროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაღუპულთა რაოდენობის შესახებ და სხვა დეტალები.
ქალაქ ღაზაში მცხოვრებლებმა AFP-ს ბოლო დღეებში საცხოვრებელ უბნებზე, მათ შორის ზეიტუნზე, საჰაერო დარტყმების გახშირების შესახებ განუცხადეს. ამ კვირის დასაწყისში დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულადაა მიჩნეული, დაგმო ისრაელის ეს ბოლო „აგრესიული“ სახმელეთო შეჭრა.
ბასალის თქმით, ისრაელი ზეიტუნში „ეთნიკურ წმენდას“ ახორციელებდა.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მსგავსი ბრალდებები ადრეც უარყვეს. სამხედროები ამტკიცებენ, რომ ისინი საერთაშორისო სამართალს იცავენ.
ამ თვის დასაწყისში ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ქალაქ ღაზისა და მეზობელი ბანაკების, ტერიტორიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილების, ხელში ჩაგდების გეგმები.
COGAT-მა - ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია პალესტინის ტერიტორიებზე სამოქალაქო საკითხებზე - განაცხადა, რომ შეტევის დაწყებამდე, კვირიდან სამხედროები თავშესაფრებისთვის მეტ კარავსა და აღჭურვილობას მიიტანენ.
„საბრძოლო ზონებიდან სამხრეთ ღაზის სექტორში მოსახლეობის დაცვის მიზნით გადაყვანის მომზადების ფარგლებში, ღაზაში კარვებისა და თავშესაფრის აღჭურვილობის მიწოდება განახლდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ომის გაფართოების გეგმამ ისრაელის მიმართ საერთაშორისო აღშფოთება, ასევე შიდა წინააღმდეგობა გამოიწვია.
სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, 16 აგვისტოს დახოცილი პალესტინელებიდან, სულ მცირე, 13-ს ჯარისკაცებმა ესროლეს, როდესაც ისინი ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე განაწილების პუნქტებთან ახლოს საკვების შეგროვებას ელოდნენ.
ომი ღაზის სექტორში ისრაელმა წამოიწყო, როგორც სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ოპერაცია ჰამასის მიერ ისრაელზე 2023 წლის ოქტომბერში განხორციელებული თავდასხმის პასუხად, რომლის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, 1219 ადამიანი დაიღუპა. ამ იერიშის დროს 250 ადამიანი მძევლად აიყვანეს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომლებსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სანდოდ მიიჩნევს, ისრაელის თავდასხმებს 61 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.