ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს, 2023 წლის 10 მაისს, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას, საჰაერო დაბომბვის დროს დაჭრილი ქართველი მებრძოლი, 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი.
გარდაცვლილი მებრძოლის ძმამ, გიორგი ლეკიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წლების წინ სპარტაკი სამუშაოდ პოლონეთში წავიდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ამ ქვეყანაში საბრძოლველად გადავიდა და ინტერნაციონალური ბატალიონის რიგებში ჩაეწერა.
“სპარტაკი ბავშვობიდან გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით. საქართველოშიც თავდაცვის სამინისტროს ძალებში კონტრაქტით მსახურობდა. სპარტაკის უყვარდა თავის სამშობლო და ასევე უკრაინა, უკრაინელი შეყვარებული ჰყავდა. მისი მიზანი იყო რომ , როგორც საქართველოში ისე უკრაინაში ყოფილიყო თავისუფლება და ის იბრძოდა ამისთვის” - თქვა გიორგი ლეკიაშვილმა. მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე უკრაინის მთავრობას მას გმირის წოდება მიანიჭა და შესაბამისი მედლით დააჯილდოვა.
უკრაინაში სამთვიანი მკურნალობის შემდეგ სპარტაკ ლეკიაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა, თუმცა ოჯახმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის საფრანგეთში გადაიყვანა, სადაც კლინიკაში 2024 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.