ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 3 იანვარს შევიდნენ, თუმცა რამდენიმე საათში „კორუფციის გამოძიების სამსახურმა“ განაცხადა, რომ „დაპატიმრების ორდერის აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა მიმდინარე დაპირისპირების გამო“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დასაკავებლად მისულებს, ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებს, ადმინისტრაციაში გამაგრებული დახვდათ ჯარისკაცები, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს ემორჩილებიან.
სამართალდამცავი ორგანოს განცხადებითვე, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ „ადგილზე მისული პერსონალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“.
ანტიკორუფციული სამსახური ამბობს, რომ განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს - თუმცა რას, არ დაუზუსტებია. დაკავების ორდერს ვადა 6 იანვარს გასდის.
ამას წინ უძღოდა 2024 წლის 31 დეკემბერს სეულის საოლქო სასამართლოს მიერ იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. იუნ სოკ იოლი ამ ბრალდებებს უარყოფს.
„გარდიანის“ ცნობით, პარალელურად, გარე პერიმეტრზე იუნ სოკ იოლის 1200-მდე მხარდამჭერი იყო მობილიზებული.
ამ მოვლენებს წინ უსწრებდა სეულის საოლქო სასამართლოს მიერ 2024 წლის 31 დეკემბერს იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერის გაცემა.
მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. იუნ სოკ იოლი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში იუნ სოკ იოლი დაკითხვაზე სამჯერ არ გამოცხადდა, რის გამოც გამომძიებლებმა სასამართლოს მიმართეს დაპატიმრების ორდერისთვის. ადვოკატები ამ შუამდგომლობას უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლება.
სამხრეთ კორეაში კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხების ორგანიზების ბრალდებით დაპატიმრებულია რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა 3 დეკემბერს, საღამოს, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, უკან დაიხია. 4 დეკემბერს მთავრობა იძულებული გახდა, საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა.
საომარი მდგომარეობა ითვალისწინებდა პარლამენტის მუშაობის და პოლიტიკური პარტიების აკრძალვას.
იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აუცილებელია „კომუნისტური ძალებისგან” კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა. კონკრეტულად რა საფრთხეა ეს, გარდა იმისა, რომ ორი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ომის მდგომარეობაშია, იუნ სოკ იოლს არ უთქვამს.
მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. მისი უარის შემდეგ, 14 დეკემბერს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით იუნ სოკ იოლს იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადასტუროს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრიდან მხოლოდ ექვსი წევრია დანიშნული. ამ ვითარებაში იმპიჩმენტის გასაუქმებლად ერთი მოსამართლის ხმაც საკმარისია, ამიტომ ოპოზიციამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ სუსგან მოითხოვა სამი მოსამართლის დანიშვნა, უარის შემდეგ კი, 27 დეკემბერს მასაც უნდობლობა გამოუცხადა.