სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითმკვლელობა სცადა

1 week ago 4

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა კიმ იონ ჰენმა სეულის საგამოძიებო იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ დღეს, 11 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შინ იონ ჰემ.

მისი ინფორმაციით, სიტუაციაში იზოლატორის თანამშრომელთა დროულად ჩარევის შედეგად სუიციდი აღიკვეთა და ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ინციდენტი 10 დეკემბერს, საღამოს, მოხდა.

კიმ იონ ჰენი კვირას, 8 დეკემბერს დააკავეს. დღეს სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერი გასცა. გამოძიების თანახმად, სწორედ მან შესთავაზა პრეზიდენტ იუნ სოკ იოლს საომარი მდგომარეობის გამოცხადება და პარლამენტის შენობაში სამხედროების განთავსების ბრძანება გასცა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 10 დეკემბერს, თავისი ადვოკატების მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბოდიში მოიხადა და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

სახელმწიფო ღალატის და ამბოხების მუხლებით გამოძიება მიმდინარეობს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის წინააღმდეგაც. მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.

პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა 3 დეკემბერს, საღამოს, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, უკან დაიხია. 4 დეკემბერს მთავრობა იძულებული გახდა, საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა.

საომარი მდგომარეობა ითვალისწინებდა პარლამენტის მუშაობის და პოლიტიკური პარტიების აკრძალვას.

იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აუცილებელია „კომუნისტური ძალებისგან” კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა. კონკრეტულად რა საფრთხეა ეს, გარდა იმისა, რომ ორი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ომის მდგომარეობაშია, იუნ სოკ იოლს არ უთქვამს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ოპოზიციური დემოკრატიული პარტია „საკანონმდებლო დიქტატურაში" დაადანაშაულა, პარლამენტს „დამნაშავეთა ბუდე" უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით ახდენს სახელმწიფოს ფუნქციების პარალიზებას, როცა ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად ცდილობს მთავრობის წამყვანი წევრებისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას.

4 დეკემბერს, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, თუ ის თავისი ნებით არ გადადგება. მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, მოითხოვა, რომ პრეზიდენტს და თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს ბრალიც წაუყენონ ამბოხებისა და სახელმწიფო ღალატისთვის.

სრულად წაკითხვა