WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე პარტიების აკრძალვის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ არ გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია 13 წლის განმავლობაში, თუ ის ანტიკონსტიტუციური იყო.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნაზე, როგორც სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა მაგალითზე საუბარია წულუკიანის კომისიის დასკვნაში,
რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მტკიცებულებაა.

„მაგალითად, მოსარჩელეს გამოტანილი აქვს ასეთი საკითხი — 2007 წელს საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამაჩაბლოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საქართველოს კონტროლი ვრცელდებოდა, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნით სამართლებრივად აღადგინაო 1990 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები. მოსარჩელე ამას სახელმწიფოს ინტერესების ღალატად აფასებს. ეს არის ტყუილი.

რეალურად, 2007 წელს, მიღებული კანონის საფუძველზე შექმნილი იქნა დროებითი ერთეული და ის არ ყოფილა, ეს არ ყოფილა ოლქის აღდგენა. ეს იყო ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ერთეული, მუნიციპალიტეტის მსგავსი და არა პოლიტიკურ-სამართლებრივი სუბიექტი, როგორიც არის ავტონომიური ოლქი. თუ ეს ქმედება, რომელიც სარჩელში შეფასებულია სახელმწიფოს ინტერესების ღალატად, ღალატი იყო, მაშინ მაინტერესებს, (ალბათ, თქვენც გაინტერესებთ), რა იყო ამ კანონის ბედი?“, — დაინტერესდა ანი წითლიძე.

მან ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ გააუქმა დროებითი ადმინისტრაციის შექმნის კანონმდებლობა, არამედ 13 წლის განმავლობაში იყენებდა მას.

„მაგალითად, 2013 წელს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მმართველობის ფორმის ცვლილებით იყო გამოწვეული და პირიქით, გაძლიერდა მთავრობის ხელმძღვანელის როლი. უფრო მეტიც, 2024 წელს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ახალ ხელმძღვანელად წარადგინა თამაზ ბესტაევი. ანუ, ეს კანონი ქართული ოცნებისთვის 13 წლის განმავლობაში პრობლემა არ იყო და ანტიკონსტიტუციური არ იყო. 13 წლის განმავლობაში ნიშნავდნენ ხელმძღვანელებს და მე-14 წლის თავზე უცებ გაახსენდათ, რომ ეს ყველაფერი არის ანტიკონსტიტუციური. თუ ჩვენ ტერიტორიულ ერთიანობა ხელვყავით ამით, მაშინ ამ 13 წლის განმავლობაში, რა არგუმენტი ჰქონდათ, რომ არც ერთხელ არ გახსენებიათ ამ კანონის არაკონსტიტუციურობა? არცერთხელ არ მოუმართავთ თქვენთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის… მაგრამ რეალურად, აი ამ სარჩელში შემოტანა წინ, ამ საკითხის, ეს შეიძლება იყოს უმძიმესი შედეგი შემდეგში, საქართველოს სახელმწიფოებრივი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის სასარგებლოდ და ერთ-ერთი არგუმენტი, რატომაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს ეს სარჩელი, არის სწორედ ეს“, — განაცხადა წითლიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ 2026 წლის 1-ლი იანვრიდან გააუქმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 2007 წელს შეიქმნა და ფუნქციონირება განაგრძო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც. სააკაშვილის მიერ დანიშნული დიმიტრი სანაკოევი 2024 წლამდე აგრძელებდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, ვიდრე ის თამაზ ბესტაევმა შეცვალა.