სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება

2 weeks ago 6

სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. იქ მისული აქციის მონაწილეები შენობაში შევიდნენ. ისინი ამბობენ, რომ იუსტიციის სახლში, ისევე როგორც ქვეყანაში, უნდა შეჩერდეს სამუშაო პროცესი.

ერთმანეთის პარალელურად, იუსტიციის რამდენიმე სახლში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ:

„გაიფიცეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს, ეს თქვენი უფლება“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქცია იუსტიციის სახლთან, 6 დეკემბერი, 2024 წელი

აქცია იუსტიციის სახლთან, 6 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლში შესულ აქციის რამდენიმე მონაწილეს იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა და დაცვის წევრებმა შენობა დაატოვებინეს.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატი - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.

იუსტიციის სახლის შესასვლელი ამ დროისთვის გადაკეტეს დაცვის თანამშრომლებმა.

ისინი იუსტიციის სახლში მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დროებით უკან დაიხიონ და ეუბნებიან, რომ შენობაში მოგვიანებით შეუშვებენ.

რვა ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.

სრულად წაკითხვა