WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) ცნობით, საუბარია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს მცხოვრებზე, 46 წლის გიორგი ხარაიშვილზე.

მას ე.წ. საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთა დააბრალეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ის „დაკისრებული სასჯელის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“ გაათავისუფლეს.

ხარაიშვილმა უკანონო პატიმრობაში 8 თვეზე მეტი - 252 დღე გაატარა.

სუს-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, პროცესში იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, - ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.