WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.

ჯაღმაიძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტზე "ფართე მსჯელობა არ გამართულა" თუმცა "საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება". ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი საინფორმაციო სააგენტო ინტრეპრესნიუსმა გაავრცელა, რადიო თავისუფლებას დეკანოზმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ესაა რისი თქმაც შეუძლია.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს საპატრიარქოსთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ საკითხზე საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.

„საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად. ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III , იმჟამად - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების მთელი პაკეტი, რაც მეტად მისასალმებელი იყო", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

მისი სიტყვებით გაეცნო სახალხო დამცველის პოზიციას და მის "არგუმენტებს დიდწილად იზიარებს".

"იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, - ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

საქართველოს საპატრიქროს უარყოფით პოზიცია აქვს აზარტული თამაშების მიმართ და აქტიურად ლობირებს ამ სფეროს საკანონმდებლო შეზღუდვებსა და რეგულაციებს.

საპატრიარქოს პოზიციის გამოხატვისთვის ოპოზიციამ მიმართავა

საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისთვის საპატრიარქოს ოპოზიციური "გახარია საქართველოთვის" დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ მიმართა. ამის შესახებ მან დღეს 28 ოქტომბერს მედიასთან ისაუბრა. მისი პარტია კანონოპროეტის მიღების წინააღმდეგი იყო.

„ოცნებას“ აქვს საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობა - საპატრიარქოს ვთხოვთ, ჩაერთოს ამ საქმის განხილვაში და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით, დაგვეხმაროს, რომ როგორც მინიმუმ, “ოცნებას” ამ მავნებლური კანონის მიღება შევაჩერებინოთ" - თქვა გიორგი შარაშიძემ.

დაჩქარებული წესით განსახლველ საკანონმდებლო ინციატივასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება, კანონპროეტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, გუშინ 27 ოქტომბერს გამოხატა სახალხო დამცველმა და მმართველ გუნდს მოუწოდა, არ მიიღოს ის.

ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არ შეიცავს რიგ მნიშვნელოვან დაზუსტებებს, მაგალითად:

  • „არ შეიცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ცალკე შეფასებას;
  • ბარათში არ არის გაანალიზებული შესაძლო სოციალური ზიანი და მისი პრევენციის ხარჯები;
  • კანონპროექტის მომზადებაში შესაბამისი ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა არ ყოფილა უზრუნველყოფილი;
  • არ არის მიმოხილული სხვა ქვეყნების გამოცდილება;
  • განმარტებითი ბარათის თანახმად, ის გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, – თუმცა არ ჩანს რას ეფუძნება აღნიშნული შეფასება“.

„საერთაშორისო აზარტული ტურნირი“ – რა იცვლება

ცვლილებები შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და მასთან დაკავშირებულ კიდევ ოთხ საკანონმდებლო აქტში.

პროექტის თანახმად,

  • სანებართვო საქმიანობის სახეებს ემატება „საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა“;
  • „საერთაშორისო აზარტულ ტურნირად“ კი განისაზღვრება „თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს“;
  • ოღონდ იმ დათქმით, რომ ასეთ ტურნირში ძირითადად უცხოელები უნდა იყვნენ – მონაწილეთა საერთო რაოდენობის სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს.

წესდება შეღავათიც

პროექტი ასევე ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლებას კონკრეტულ შემთხვევებში:

  • თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად იყენებს,
  • და თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება,
  • ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ორგანიზატორს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.

ჯარიმა სანებართვო პირობების დარღვევისთვის 50 ათასი ლარი იქნება, ხოლო თუ საერთაშორისო ტურნირს „არაუფლებამოსილი პირი“ მოაწყობს/დადგენილ წესებს დაარღვევს – 150 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„ტურიზმს შეუწყობს ხელს“ – „ოცნება“

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, საერთაშორისო აზარტული ტურნირი „პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის“.

მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „მსგავსი შეჯიბრებები ევროპის არაერთ ქალაქში ტარდება“ და დაასახელა „ბარსელონა, მადრიდი და რომი“.

„ამასთან დაკავშირებით მთელი ინდუსტრია აშენდა. ეს სტანდარტულ კაზინოში თამაში არ არის. ეს არის სპორტული შეჯიბრება“, - განაცხადა მან.

შოთა ბერეკაშვილის თქმითვე, ინიციატივის მიზანი არატურისტულ სეზონებში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტული სექტორის გააქტიურების ხელშეწყობაა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზნებია უცხოელი მონაწილეების მოზიდვა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა.

სოციალური პრობლემა

საქართველოში ათასობით ადამიანი აზარტულ თამაშებში ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ერთვება.

რადიო თავისუფლება 2025 წერდა, რომ:

  • ბოლო წლებში რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, ინდუსტრია მაინც იზრდება;
  • 2022 წელს მინიმალური ასაკი, რომელიც საჭიროა სათამაშოდ, 18-დან 25 წლამდე ასწიეს;
  • აკრძალვის დარღვევისთვის 10 000 ლარის ჯარიმაა დაწესებული, განმეორებითი შემთხვევისას კი – 20 000 ლარი;
  • თამაში სრულად აეკრძალათ საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველებს.
  • თითქმის სრულად აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამა. გაიზარდა კომპანიებისთვის დაწესებული გადასახადებიც.
  • გარდა ამისა, შეიქმნა ე.წ. შავი სია, რომელიც უზღუდავს სიაში მყოფს წვდომას აზარტულ თამაშებზე – როგორც ონლაინპლატფორმებზე, ისე ფიზიკურ კაზინოებში;
  • „კანონში პრობლემა არ გვაქვს, პრობლემაა მისი აღსრულება. ევროპაში ჩვენი საკანონმდებლო ბაზა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, მაგრამ შედეგის მომცემი არ არის“, – ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტი, რომელიც თამაშდამოკიდებულების საკითხს სწავლობს.