საპატრიარქო მოუწოდებს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს არ გასცდნენ კანონის ფარგლებს

3 weeks ago 5

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და გამოთქვამს წუხილს, რომ 29-30 ნოემბრის ღამეს დემონსტრაცია „სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა“.

საპატრიარქო განცხადებაში წერს, რომ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს:

„შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას.

ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის; ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის.

ამასთან, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზდებს, საერთოდ დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე ვთხოვთ სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს; აუცილებელია, სახელმწიფომ მოახდინოს საზოგადოების სწრაფი ინფორმირებულობა დარღვევებისა და გამოძიების შესახებ.

რაოდენ დიდი ფასეულობისთვისაც არ უნდა ვიღვწოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი და ყველაზე დიდი ღირსების მატარებელი ქმნილება ამ სამყაროში“, - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებით გამოწვეულ საპროტესტო ტალღას.

განცხადების შინაარსის თანახმად, ეკლესია ხელისუფლებას ირიბად უჭერს მხარს, მედიას ახსენებს საკუთარ ფუნქციას, საზოგადოებას კი თავშეკავებას სთხოვს და მოუწოდებს შეცვალოს "განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება".

მესამე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მესამე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.

28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.

სრულად წაკითხვა