საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო 8 მაისს გამოეხმაურა დათა თავაძის სპექტაკლს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი რუხაძის კუთვნილმა პროსახელისუფლები ტელეკომპანია „იმედმა“ ორი დღით ადრე ჰომოფობიის გამაღვივებელი ტექსტით დაადანაშაულა „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში“.
სამეფო უბნის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სპექტაკლზე, რომელიც შეიცავს ფრაგმენტებს მე-18 საუკუნის ფრანგი მწერლის, მარკიზ დე სადის ნაწარმოებიდან, „ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი“, 18 წლამდე ასაკის მაყურებელი არ დაიშვება; ასევე, ფოტო-ვიდეოგადაღება აკრძალულია - თუმცა „იმედმა“ ნაწყვეტები გაუშვა ეთერში. „იმედმა“ დაასახელა სპექტაკლის ოთხივე მსახიობიც.
რეჟისორი დათა თავაძე „ქართული ოცნების“ სადავო მთავრობის საწინააღმდეგო, პრო-ევროპული დემონსტრაციების ერთ-ერთი მონაწილეა - თეატრის სხვა არაერთ წარმომადგენელთან ერთად. კიდევ ერთი რეჟისორი, დავით დოიაშვილი „ახალი თეატრის“ ხელმძღვანელობას აპრილში ჩამოაშორეს, რის შემდეგაც სამეფო უბნის თეატრმა მას სოლიდარობა გამოუცხადა.
„იმედის“ გაშუქების შემდეგ, 8 მაისს, სამეფო უბნის თეატრთან პრორუსული ფიგურების - დიმიტრი ლორთქიფანიძის, გურამ ფალავანდიშვილის, გრიშა ონიანის და სხვათა - ორგანიზებითა და მონაწილეობით საპროტესტო აქცია გაიმართა. საპატრიარქომ განცხადება ფეისბუკზე აქციის აქციის შემდეგ, საღამოს ათის ნახევარზე გამოაქვეყნა.
საპატრიარქო „ჭეშმარიტ ხელოვნებაზე“ საუბრობს
„ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით“, - ასე იწყება საპატრიარქოს განცხადება.
შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საუბრობს „ჭეშმარიტ ხელოვნებაზე“, რომლის მიზნადაც „სიკეთის მსახურებას და ამ სიკეთის ხალხისთვის გაზიარებას“ ასახელებს და შემდეგნაირად ახასიათებს თავაძის სპექტაკლს:
„როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილს და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან“.
მოწოდება საზოგადოებას „შეფასებისკენ“
ამის შემდეგ საპატრიარქო საზოგადოებას „მოვალეობას“ ახსენებს: „რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასოს, რომ ამგვარი ქმედება არ უნდა შეინიღბოს თავისუფლებისა და ხელოვნების სახელით, არ უნდა იქცეს ღვთის გმობის, რწმენის, ზნეობისა და ისტორიული მეხსიერების დაცინვის ინსტრუმენტად“.
ერთ საათში საპატრიარქოს ამ პოსტს 1000-ზე მეტი მოწონება და 700-ზე მეტი გაზიარება აქვს.
- საპატრიარქომ 2021 წლის 3 ივლისს მოსახლეობას მოუწოდა 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ „მშვიდობიანად გასაპროტესტებლად“; 5 ივლისს აქციაზე შეკრებილმა მართლმადიდებელმა მრევლმა ათობით ადამიანზე, ძირითადად ჟურნალისტებზე იძალადა; განვითარებული მოვლენების შემდეგ გარდაიცვალა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, - რომლის გარდაცვალების მიზეზადაც შსს-მ „ნარკოტიკებით ზედოზირება“ დაასახელა;
- 2013 წლის 16 მაისს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წერილობით განცხადებაში ხელისუფლებას დემონტრაციაზე „ჰომოსექსუალებისათვის მიცემული ნებართვის“ გაუქმებისკენ მოუწოდა; მასობრივი ძალადობით დასრულდა მეორე დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საწინააღმდეგო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი მცირე აქციაც, - მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი მრევლი ათიათასობით გამოვიდა ქუჩაში.
ახლა საპატრიარქო სპექტაკლის „შემოქმედებს“ მოუწოდებს „სინანულისაკენ“ და „განკვეთით“ იმუქრება:
„აღნიშნული ღონისძიების შემოქმედებს კი მოვუწოდებთ სინანულისაკენ და შევახსენებთ, რომ ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი, შეუნანებლობის შემთხვევაში, საეკლესიო სასჯელის სახით, ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება“.
სამეფო უბნის თეატრის დირექტორის გამოხმაურება
რეჟისორი დათა თავაძე „იმედის“ კამპანიას არ გამოხმაურებია.
თუმცა დღეს, 8 მაისს, სამეფო უბნის თეატრის დირექტორმა, მსახიობმა ნიკოლოზ (ნიკა) თავაძემ, - რომელიც, ამავე დროს, დათა თავაძის მამაა, - „უნიჭო პროპაგანდა“ უწოდა აგორებულ კამპანიას.
„ჩვენ არაფერი გვაქვს დაფარული. ჩვენი სპექტაკლი მაყურებლისთვისაა და ეს თავიდანვე გაცხადებულია“, - დაწერა მან ფეისბუკზე.
ნიკა თავაძის თქმით, სპექტაკლი უკვე ნიშნავს, რომ ის ღია პროცესია და დამალვას და მიჩქმალვას კი არა ღია სანახაობას და უკეთეს შემთხვევაში დისკუსიასაც ემსახურება.
„სპექტაკლი - ეს მაყურებელთა ერთ სივრცეში ყოფნის ხელოვნებაა და გარკვეული დროის განმავლობაში, ამ სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრის მთლიანი აღქმა, - და არა მიქელანჯელოს დავითის მხოლოდ სასქესო ორგანოს ჩვენება და დანარჩენის მიჩქმალვა.
ვინც ამ უნიჭო პროპაგანდას აყვა, სწორედ ეს სასქესო ორგანო დაგანახათ - მთლიანი კონტექსტიდან ამოჭრილი და მასზე ფოკუსირებული. უყურებთ მას და ფიქრობთ, რომ სხვა კიდევ რისი დანახვა უნდა გვინდოდეს, ისედაც გასაგებია რა საზიზღრობაც იქნებაო“, - წერს თეატრის დირექტორი.
„აი, ის ქურდი, - რომელიც შემოიჭრა სპექტაკლის დროს და მალულად, როგორც ქურდმა, გადაიღო და თქვენი მზერა იქ მიიტანა, რაზეც ზუსტად იცოდა, რა რეაქციაც მოჰყვებოდა, - პირველ რიგში, თქვენ არ გცემთ პატივს, გეუბნებათ, „მე გაჩვენებ რა არის დავითის სკულპტურა“, სხვაგან ნურც გაიხედავო და გაჩვენებთ იმას, რაც თვითონ უნდა. ამის უფლებას თქვენ აძლევთ, მეტი არავინ. და ეს სამწუხაროა. თქვენ მსხვერპლი ხართ, როგორც მიქელანჯელოს დავითი, რომლის საჩვენებლად მხოლოდ ქურდულად მოპოვებული ნაწილი გაიმეტეს თქვენთვის“, - დაწერა ნიკა თავაძემ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრიარქო ან მისი წარმომადგენლები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ნაწარმოებებს.
- მაგალითად, ასეთი იყო 2001 წლის მაისში ლაშა ბუღაძის მოთხრობა, „პირველი რუსი“, - რომლის გამოც ბუღაძეს საპატრიარქოში პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაც მოუწია.
- მას შემდეგ, რაც ერეკლე დეისაძემ 2010 წელს გამოსცა წიგნი „საიდუმლო სირობა“, გაიმართა აქციები ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით. საპატრიარქომ მაშინ ხელისუფლებას მოუწოდა, „სასწრაფოდ“ მიეღო კანონი, რომელიც „სათანადოდ“ დაიცავდა „მოსახლეობას უხამსობისგან“ და დაიცავდა „პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს”.
- 2011 წელს გამოცემული რომანის, „მელია-ტულეფიას“ გამო 2014 წელს „ქართული ოცნების“ წევრების, - მათ შორის გამორჩეულად სოსო ჯაჭვლიანის - კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მწერალი ზურაბ ქარუმიძე. მწერალი, რომელსაც სამი კვირით ადრე ბრიტანეთში ელჩობა შესთავაზეს, ამ პოსტზე აღარ დანიშნეს.
- 2004 წელს საპატრიარქოში პროტესტი გამოხატეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ ჟურნალისტისა და ხელოვნებათმცოდნისა, გოგი გვახარიას გადაცემა „ფსიქოში“ გავიდა პოლონელი რეჟისორის, კშიშტოფ კიშლოვსკის „დეკალოგი 6-ის“ ანონსი.