საქართველოს საპატრიარქომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე აკრედიტაციას არ მისცა.
ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.
მისი განმარტებით, ამ ორ ტელევიზიას აკრედიტაცია არ ექნება, რადგან „მუდმივად არღვევდნენ ამ ტელევიზიების ჟურნალისტები შინაგანაწესს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს ღვთისმსახურების პროცესში“.
მომხდარს გამოეხმაურა ნოდარ მელაძე, რომელმაც დაწერა, რომ ანდრია ჯაღმაიძე ხანგრძლივი კომუნიკაციის მიუხედავად, ამ დრომდე (20:00 საათი) არ აწვდით ბრძანებას, რომლის თანახმადაც ჟურნალისტების აკრედიტაციები ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე გაუქმდა.
„ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო“, – წერს ნოდარ მელაძე.
ნოდარ მელაძის განცხადებით, აინტერესებთ რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა ანდრია ჯაღმაიძის გადაწყვეტილება.
„მიმოწერის დროს ანრია ჯაღმაიძემ მიზეზად დაასახელა, 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი, სადაც საეპისკოპოსო კრების სხდომაზე, პირიქით დაზარალებულები იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მოაჯირის გადმოვარდნის დროს დაშავდნენ.
არ არსებობს იურიდიული ძალის მქონე წერილი ან დოკუმენტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“ საპატრიარქოში მუშაობის წესების დარღვევის ან წესების ცვლილების შესახებ. საინტერესოა რა პოზიცია აქვთ წმინდა სინოდის წევრებს მომხდართან დაკავშირებით და მათ თუ მაინც იციან რა კანონიერ საფუძველზე და ვის მიერ გამოიცა ბრძანება?“ – წერს მელაძე.
netgazeti