საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ისაკო დევიძე ციხეს 6 თვეში დატოვებს

1 hour ago 3

აქტივისტ ისაკო დევიძესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება დაიდო, რაც მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დაამტკიცა. ისაკო დევიძე ციხეს 6 თვეში დატოვებს.

სასამართლომ ისაკო დევიძეს განაჩენი დღეს, 13 ივლისს გამოუტანა და მას 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ისაკო დევიძე 17 იანვრიდან, უკვე 6 თვეა, პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად, შეფარდებული საპატიმრო განაჩენის სრულად მოხდამდე მას 6 თვე დარჩა.

მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, მაქსიმალური სასჯელი, რაც მას ელოდა, 2-წლიანი პატიმრობა იყო.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული წესით მორიგჯერ დაკავებულ აქტივისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობის საფუძველზე დაიწყო იანვარში. [სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი.] ისაკო დევიძეს ასევე ბრალად ედებოდა სამართალდამცველი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობა არაერთგზის. [სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე ტერცია მუხლი.]

მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, როცა პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 2025 წლის დეკემბერში, ისაკო დევიძემ სხდომათა დარბაზში მოსამართლე ზვიად ცეკვავას კომპიუტერს ხელი დაარტყა და დააზიანა. მაშინ ცეკვავამ ისაკო დევიძეს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ისაკო დევიძის მხრიდან „მოსამართლის შეურაცხყოფის“ საფუძველი, როგორც თავად განმარტა, სანამ ამ ქმედებას ჩაიდენდა, იყო ის, რომ მაშინ, როცა საშინელებები ხდება გარეთ, მათ შორის სასამართლოს შენობაში, მოსამართლეების მხრიდან, ისინი დიდი ხელფასების სანაცვლოდ, კაბინეტებში არიან შეკეტილები. ისაკო დევიძემ თქვა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ეს არ იქნებოდა რიგითი სხდომა და ამ სიტყვების შემდეგ დაარტყა ხელი მოსამართლე ცეკვავას კომპიუტერს.

სწორედ ისაკო დევიძის დამ გაავრცელა პირველმა ინფორმაცია 2026 წლის იანვარში, რომ ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ისაკო დევიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

სრულად წაკითხვა