მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დარბაზიდან გაათავისუფლა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი.
ესენი არიან: ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია და ევა შაშიაშვილი. ეს უკანასკნელი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და საპატიმრო 2025 წლის 31 დეკემბერს დატოვა. დანარჩენებმა კი ციხე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვეს.
“ჩვენ შორის მიღწეულია საპროცესო შეთანხმება რვავე ბრალდებულთან” – განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ მანამდე, სანამ მოსამართლე ნაჭყებია მათ დარბაზიდან გაათავისუფლებდა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მათ აღიარეს წარდგენილ ბრალი და სანაცვლოდ შეეფარდათ 3-წლიანი პირობით მსჯავრი. სახელმწიფო ბრალდება მათ ედავებოდა სისხლის სამართლის ორი მუხლის დარღვევას:
- ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).
დღეს გათავისუფლებულ მოქალაქეებთან ერთად განიხილებოდა კიდევ 6 პირის საქმე. მათ უარი თქვეს, ბრალის აღიარებასა და საპროცესოს შეთანხმებაზე, ან შეთანხმება ვერ მოახერხეს. შესაბამისად, ისინი დაელოდებიან განაჩენს, რომელსაც უახლოესი კვირების განმავლობაში მოსამართლე გიორგი გელაშვილი გამოაცხადებს. ესენი არიან: დავით ჟღენტი, კახაბერ მჟავანაძე, კონსტანტინე კოკაია, გოგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და დავით სტურუა.
დღეს, რამდენიმე საათით ადრე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმაც გამოყო ცალკე იმ ბრალდებულების საქმეები, ვისაც საპროცესო გაუფორმდება. ესენი არიან: გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურმანიძე და თემურ ქურციკიძე. გუშინ, 8 ივნისს, საპროცესოზე შეთანხმდნენ შემდეგი ბრალდებულები: ხვიჩა გოგოხია, გიორგი ქორქია, ლევან ჯიქია, გიორგი რურუა, ლაშა ივანაძე და სერგო მეგრელიშვილი. ისინი მას შემდეგ გათავისუფლდებიან, რაც სასამართლო შეთანხმებას დაამტკიცებს.
4 ოქტომბრის საქმეზე სულ 64 ადამიანს წარუდგინეს ბრალი. მათგან 2 მიმალვაშია – ანტონ უპერის გარდა გამოძიება ეძებს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს. 64-პირიანი საქმე 5 ჯგუფად იყო გაყოფილი. 5-დან ერთი ჯგუფის წევრების განაჩენი 7 მაისს გამოცხადდა. ამ ჯგუფს ე.წ. ორგანიზატორების ჯგუფად მოიხსენიებდნენ, რადგან 10 ბრალდებულიდან 5-ს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშას ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს – ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლი ჰქონდა შეფარდებული. თითოეულ მათგანს 7-7- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამავე ჯგუფში შედის ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელსაც დაუსწრებლად შეუფარდეს 2 წელი, ხოლო ირაკლი ჩხვირკიას, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს და გური ჟვანიას 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
რას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეზე 10-პირიანი საქმეზე მსჯავდებულებს:
- პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს ედავებიან: 1) სტრატეგიული ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას; 3) სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
- ლაშა ბერიძეს ედავებიან: 1) ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
- პაატა მანჯგალაძეს — ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
- ირაკლი შაიშმელაშვილს — სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
- თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძეს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
- გური ჟვანიას — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
ამავე თემაზე:

1 week ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·