სასამართლომ აქტივისტ ნანა სანდერისთვის 3 თვით მიმოწერის აკრძალვა უკანონოდ მას შემდეგ ცნო რაც აქტის ვადა ამოიწურა

1 hour ago 2

რუსთავის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სამოქალაქო აქტივისტისთვის ნანა სანდერისთვის სამი თვით მიმოწერის უფლების აკრძალვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატა თედეშვილმა, დღეს 29 ივნისს მიიღო და ბათილად ცნო რუსთავის #5 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული აქტი.

საქმეზე სხდომა მაშინ დაინიშნა, როცა დისციპლინური სახდელი უკვე აღსრულებული იყო ანუ მიმოწერის აკრძალვის სამთვიანი ვადა გასული.

"როცა მოსარჩელემ გაასაჩივრა, აქტის აღსრულება არ შეაჩერეთ"? - იკითხა მოსამართლემ.
"არ გვევალებოდა" - უპასუხა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა არჩილ ჩოლოყაშვილმა მოსამართლეს.

მოგვიანებით მოსამართლემ ნანა სანდერის ადვოკატს უსაყვედურა, "თქვენ უნდა მოგეთხოვათ შეჩერებაო".

ადვოკატმა, ნიკოლოზ ბოლქვაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე მიუთითა, რომ მოთხოვნის გარეშეც სასამართლოს აქვს გასაჩივრებული დოკუმენტის მოქმედების შეჩერების უფლება.

ამ დიალოგს მოსამართლისგან წინააღმდეგობა და პოლემიკა მოჰყვა.

პენიტენციური სამსახურის მიერ 23 თებერველას გამოცემული აქტის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების მიზეზად ნანა სანდერის ექიმთან კონსულტაციის დროს მომხდარი ინციდენტი სახელდება.

აქტის მიხედვით, ნანა სანდერმა შეურაცხყოფა მიაყენა ციხის ექიმს - დაწყევლა ის, ხელი შეუშალა ციხის ადმინისტრაციის ნორმალურ მუშაობას, დაარღვია წესრიგი.

პენიტენციური სამსახურის იურისტის გვანცა მოლოდინის თქმით, მათ შეეძლოთ უფრო მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებისთვისაც მიემართათ - როგორიცაა მაგალითად სამარტოო საკანში გადაყვანა.

მოლოდინის ამ განცხადებას, ადვოკატის რეპლიკა მოჰყვა - "9 თვე ნანა სანდერი ისედაც ოთხ კედელშია, სამარტოო საკანში".

ნანა სანდერის თქმით, მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია:

“ოთხ კედელში ჩაკეტილს უსამართლოდ განზრახ მიზიანებენ ჯანმრთელობას, ფიზიკურს თუ ფსიქოლოგიურს”.

მისივე ცნობით, ის სთხოვდა პენიტენციური სამსახურის ექიმებს აეღოთ სისხლის ანალიზი, რომლის გარეშეც კონკრეტულ დანიშნულებას - B12-ს ვერ მიიღებდა.

ითხოვდა ორთოპედიულ მატრასს, მაგრამ ვერ მიიღო და ხერხემლის ტკივილებმა “საწოლს მიაჯაჭვა”.

მისი მტკიცებით, ექიმებს, სამედიცინო დასკვნაში, ე.წ ფორმა 100-ში არასწორი ინფორმაცია შეჰქონდათ, რაც მისი აღქმით, მიზანმიმართულად ხვდებოდა, რამაც მისი განმარტებით გაღიზიანება გამოიწვია და ექიმს “არაკომპეტენტური” უწოდა, ასევე ჰკითხა: “რას იზამდა მის შვილს რომ ასე უზიანებდნენ ჯანმრთელობას”.

ნანა სანდერი 9 თვეა პენიტენციური სამსახურისგან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, ღირსების შელახვასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ჩივის.

რუსთავის სასამართლოში ნანა სანდერის სხვა საჩივრებიცაა შესული.

ვინაიდან, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სანდერის სარჩელი, პენიტენციური სამსახურს ასევე დაევალა, სანდერისთვის 100 ლარის გადახდა, სარჩელის დანახარჯების ასანაზღაურებლად.

ინფორმირებულია პროკურატურაც. ნანა სანდერი გამომძიებელმა გამოკითხა. რადიო თავისუფლება უწყებაში აზუსტებს დაიწყეს თუ არა გამოძიება.

ნანა სანდერი „4 ოქტომბრის“ - ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამარლე თამარ მჭედლიშვილმა 24 ივნისს მიიღო.

სრულად წაკითხვა