გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა დღეს, 27 ივნისს, 10:30 საათზე.
თარგამაძე, - რომელიც პარლამენტსა და კომისიას არალეგიტიმურად მიიჩნევს, - სხდომას არ დასწრებია.
განახლება: დაახლოებით 11:30 საათისთვის თარგამაძე თავად გამოცხადდა ვაკის პოლიციაში.
„გავიმარჯვებთ აუცილებლად. ეს იქნება, ჩემი აზრით, უფრო მალე, ვიდრე მეგონა მანამდე“, - თქვა გივი თარგამაძემ პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე.
იქვე თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მან გაიმეორა: „როდესაც საქმე გვაქვს ნაღდ საოკუპაციო რეჟიმთან, რა არჩევნებზეა საუბარი“.
რვა პოლიტიკოსი ციხეში
გივი თარგამაძე არის უკვე მერვე პოლიტიკოსი, რომელსაც „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა მიესაჯა ან წინასწარ პატიმრობაშია და დღე-დღეზე ელის განაჩენის გამოცხადებას.
კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ან ამის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის არიან დაპატიმრებული:
- გიორგი ვაშაძე - მას შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; იგი 24 ივნისს დააპატიმრეს.
- მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მიუსაჯეს რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი 23 ივნისს დააპატიმრეს.
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - მიუსაჯეს შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
- ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ.
16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე. გიორგი გახარია სხდომაზე 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ იმყოფება. მისი პარტიის ცნობით, იგი თანახმა იყო დისტანციურად ჩართვაზე, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
მეორედ არიან დაბარებული ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე - დისტანციურად, საპატიმროდან ჩართვით. სავარაუდოდ, ისინი არც ამჯერად არ გამოცხადდებიან.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თანახმად, შესაძლოა, ხაზარაძისა და გვარამიას წინააღმდეგ კვლავ მიმართონ პროკურატურას.
გამოხმაურებები ბრიუსელსა და ვაშინგტონში
ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას მიმდინარე კვირაში ბრიუსელში გამოეხმაურნენ.
- ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი: „ოპოზიციური ხმების დაპატიმრება წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომლებიც დღითიდღე იშლება“;
- ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი: „ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, საპირისპირო იმისა, რაც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება“.
ამასთან, ტელეკომპანია „ფორმულას“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს:
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით.
ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას.
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, „დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“.
ვინ არის გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჯერ პარლამენტის წევრი (2004-08 წლებში), შემდეგ კი პარლამენტის წევრი და ამავე დროს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო (2008-12 წლებში).
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც პარლამენტარი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ (2012-16 წლებში). 2017 წელს ენმ-სგან გამოყოფილ „ევროპულ საქართველოში“ გაერთიანდა, ეს პარტია კი 2021 წელს დატოვა, - დავით ბაქრაძისა და გივი უგულავას პარტიიდან წასვლიდან მალევე.
ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლამდე, ის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ - „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი საყრდენის, - საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამების მთავარი კოორდინატორი.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს ასე ახასიათებს: „2004 წლის უკრაინული მაიდნის და ყირგიზეთის 2005 წლის აქტიური მონაწილე, ჰააგის სასამართლოს მთავარი მოწმე, ვისი ჩვენების საფუძველზეც გაიცა რუსი სამხედროების დაპატიმრების ორდერი“.
2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე, 4 ოქტომბერს, გივი თარგამაძის ავტომობილი თბილისში, ორბელიანის მოედანზე ააფეთქეს. აფეთქება 21:30 საათზე მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ოფისთან ახლოს.
- გამოძიება მაშინ აცხადებდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს მოქალაქე დარჩო ხეჩუაშვილმა დაამაგრა და შემდეგ მოქმედებაში მოიყვანა;
- აფეთქების შედეგად სიკვდილს გადაურჩნენ გივი თარგამაძე და მისი მძღოლი; რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მძღოლს დღემდე არაერთი ოპერაცია დასჭირდა. მძიმედ დაშავებულთა შორის იყო ასევე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი. ხალხმრავალ ადგილას დაშავდნენ გამვლელებიც.
- გივი თარგამაძე და მისი თანაგუნდელები მაშინ მოითხოვდნენ, რომ საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცემოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.
გივი თარგამაძისათვის პატიმრობა აქვს შეფარდებული რუსეთის სასამართლოს.
2013 წლის გადაწყვეტილებით, იგი დამნაშავედ ცნეს „მასობრივი არეულობის ორგანიზებაში“.
მას ბრალი ედებოდა ოპოზიციური „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერთან, სერგეი უდალცოვთან და კონსტანტინ ლებედევთან თანამშრომლობით რუსეთში „მასობრივი არეულობების ორგანიზების მომზადებაში“, - ბრალდებას თარგამაძე „პუტინის მოგონილ პროპაგანდას“ უწოდებდა.
გივი თარგამაძე ამჟამინდელ დაპატიმრებას სწორედ რუსეთის ფედერაციას უკავშირებს და აცხადებს, რომ „რუსეთის დაკვეთა“ თეა წულუკიანმა შეასრულა.
„სოზარ სუბარი თავის დროზე ამბობდა, რომ ვერ გადავცემთ, სამწუხაროდ, რუსეთს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს, რომელიც უკრძალავს საქართველოს საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, მაგრამ იქნებ შემოვუშვათ აქ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი და იქნებ აქ დაკითხონო“, - გაიხსენა დღეს თარგამაძემ.
„მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის დაკვეთაა. გავიხსენოთ, ამაფეთქეს კიდევაც რუსებმა, ამიტომ მაქვს უფლება, რომ მეგონოს“, - უთხრა პოლიტიკოსმა დღეს თავის სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს.