სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა. სიგუაზე ელექტრონული ზედამხედველობაცაა დაწესებული.
სოფია სიგუას ადვოკატმა, თამარ ლუკავამ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდათ, რადგან არსებობდა რეალური საფრთხე, რომ მსხვერპლს სიცოცხლის და ჯანმრთელობის პრობლემები შეჰქმნოდა.
„რა თქმა უნდა, არსებობდა ძალადობის ფაქტები, ამის დამადასტურებელია ის, რსომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული აქვს თბილისის პროკურატურას, ასევე, ელექტრონული ზედამხედველობა არის დაწესებული ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ, კანონიერ ძალაშია შესული ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს ცხადყოფს, რომ არსებობდა რეალური საფრთხე, რისკები იმისა, რომ მსხვერპლს შეჰქმნოდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის პრობლემები, სწორედ ამიტომ იყო დატოვებული თავის დროზე ელექტრონული ზედამხედველობა ძალაში და შესაბამისად ჩვენ დღეს ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით, რომ შემაკავებელი ორდერი დარჩებოდა ძალაში“, – თქვა სოფია სიგუას ადვოკატმა, თამარ ლუკავამ.
იოსებ სიგუას ადვოკატი, თეონა გვაზავა მიიჩნევს, რომ მოსამართლეს შემაკავებელი ორდერი უნდა გაეუქმებინა და რომ მისი დღევანდელი გადაწყვეტილება კანონის არსებით დარღვევაა. მისივე განცხადებით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„ზეპირი დასაბუთების მსვლელობის დროს მოსამართლემ ცალსახად განმარტა, რომ არ დასტურდება სოფიო სიგუას მიერ წარდგენილი არც ერთი ბრალდება და არ დასტურდება იოსებ სიგუას მხრიდან ძალადობის განხორციელების არც ერთი ფაქტი. მოსამართლის განმარტება მდგომარეობს შემდეგში, რომ პრევენციის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ მოტივით ტოვებს შემაკავებელ ორდერს ძალაში. ეს თავის მხრივ, ჩვენი შეფასებით, წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას, რასაც შესაბამისად აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით“, – თქვა თეონა გვაზავამ.
იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია 4 ივლისს „ტვ პირველმა“ გაავრცელა. „შაბათის ეთერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა. ქალის თქმით, იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ იოსებ სიგუამ, რომელსაც ელექტრონული სამაჯური შეაბეს, თანამდებობა დატოვა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·