„ნეიტრალური საქართველო“, რომლის საჩივრის საფუძველზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სისხლის სამართლებირვი დევნა დაიწყეს, „ქართული ოცნების“ თანამოაზრეა. მათი საჩივრის საფუძველზე დააყადაღეს იმ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების ანგარიშებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიღებული შემზღუდველი კანონებით დააჯარიმებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
„ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა მედიას უთხრა, რომ ოპოზიცია „განგრძობით დანაშაულს ჩადის“, როცა საუბრობენ „გარეთ სანქცია, შიგნით - აქციაზე“ საუბრობენ.
„სასამართლოში გავიმეორეთ ის, რაც განცხადებაში გვეწერა, მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა და დავამატე, რომ ეს არის განგრძობადი დანაშაული, დღესაც, ეს დანაშაული გრძელდება, როცა ნიკა გვარამია აცხადებს პერმანენტულად - „გარეთ სანქცია, შიგნით - აქცია“...
აუცილებელია, ამ საქმეზე დადგეს განაჩენი, ასევე აუცილებელია, რომ მალე დასრულდეს ის პროცესი, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზეა წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში [ოპოზიციური პარტიების გაუქმებზე] და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პოლიტიკური სისტემა გათავისუფლდეს აგენტური ძალებისაგან“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
მის მონაყოლს „ჩვეულებრივი ბოდვა“ უწოდა საქეში ბრალდებული სტატუის მქონემ, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდოამრე ზურა ჯაფარიძემ:
„ე.წ. „ნეიტრალური საქართველოს“ ხალხი ყვება, რომ არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ პოლიტიკოსები, მედიაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსთაველზე ვინც დგას და ზოგადად, ეს არის გაშლილი ქსელი“.
ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ სასამართლო განხილვები ფორმალურად იმართება:
„ყველამ იცის [განაჩენი რა იქნება]... მეტსაც გეტყვით - შეიძლება ახლა არ იცოდეს, კონკრეტულად რა უნდა დაწეროს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ რაღაც მომენტში ეტყვიან და რასაც ეტყვიან იმას დაწერს. პირველად და მეორედ ხომ არ აკეთებენ? ჯერ რა საბოტაჟი? ჩვეულებრივი ბოდვაა“.
8 პოლიტიკოსის სისხლის სამართლებრივი დევნა
გასული წლის 6 ნოემბერს, რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებებისა თუ პარტნიორებთან კომუნიკაციის გამო პროკურატურამ მათი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურაში ამ საქმე 8 თებერვალს აღძრა, „ქართული ოცნების“ თანამოაზრის, „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შესახებ
- მოძრაობის დამფუძნებლები არიან ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოსთვის“, წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბიძინა გიორგობიანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი. მოძრაობას ასევე შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე.
- ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ „საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან“.
- მოძრაობის სამიზნე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არიან პოლიტიკური პარტიების, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერები მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ორივე პოლიტიკოსს ჯაშუშებს უწოდებს და მათი ამომრჩევლების პასუხისმგებლობის დაყენების წინადადებითაც გამოდის.
რას ედავებიან პოლიტიკოსებს
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტის, „სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ“ და „თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“;
- ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სანქციებისთვის აწვდიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მონაცემებს - „შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“;
- ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“;
- მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციითა და ვიდეომიმართვებით, რომლებიც ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით, „მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ“.
პოლიტიკოსებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
- ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ - საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.

4 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·