არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეში დაზარალებულის ოჯახის ინტერესების დასაცავად ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
პატარაიას ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აზერბაიჯანიდან საქართველოში შეყვარებულის დაპირებით ჩამოვიდა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრებასა და მუშაობას ჰპირდებოდა. მისი თქმით, მოგვიანებით მამაკაცმა ქალი ფიზიკურად იძალადა, ქუჩაში დატოვა და თავად აზერბაიჯანში დაბრუნდა.
როგორც პატარაია წერს, დაზარალებული ერთმა სომეხმა ქალმა შეიფარა, რომელმაც მის ახლობლებსაც დაუკავშირდა. მოგვიანებით ახალგაზრდა ქალი აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა მამაკაცმა ბინაში გადაიყვანა იმ დაპირებით, რომ დროებით დაეხმარებოდა, თუმცა რამდენიმე დღეში ის გაუჩინარდა.
უფლებადამცველის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გოგონას და აზერბაიჯანიდან ვეღარ დაუკავშირდა, სომეხმა ქალმა ბინასთან მიაკითხა. მეზობლების თქმით, წინა ღამით ბინიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. პოლიციამ ბინის კარი გააღო და ქალი გარდაცვლილი იპოვა. პატარაიას ცნობით, სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.
ბაია პატარაიას განცხადებით, „საფარმა“ უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურას და საქმეში დაზარალებულის დის ინტერესების წარმომადგენლად ჩართვა მოითხოვა.
ბაია პატარაია აზერბაიჯანში მომხდარს ზოგიერთი „ღირსების დანაშაულად“ აფასებს, რის გამოც არსებობს საფრთხე, საქმე სათანადო ყურადღების გარეშე დარჩეს.

1 month ago
45







English (US) ·
Georgian (GE) ·