საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ბაირუს გუნდისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადებაზე კენჭისყრა 8 სექტემბერს საღამოს შედგა, ერთთვიანი პოლიტიკური ჩიხის გამო, რომელიც ბაირუს მთავრობის მიერ საფრანგეთის მზარდი სახელმწიფო ვალის დასაძლევად წარმოდგენილმა, თითქმის 44 მილიარდი ევროთი შემცირებულმა ბიუჯეტმა განაპირობა. 364-მა დეპუტატმა ხმა მთავრობის წინააღმდეგ მისცა, 194-მა მხარი დაუჭირა ბაირუს გუნდს.
ფრანსუა ბაირუ გადადგომის შესახებ სამშაბათს მიმართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
ორ წელიწადზე ნაკლები დროის მონაკვეთში პრეზიდენტ მაკრონს პრემიერ-მინისტრობის მეხუთე კანდიდატის მოძებნა მოუწევს.
ანალიტიკოსთა შეფასებით, 8 სექტემბრის კენჭისყრით საფრანგეთი კიდევ უფრო მეტად ეფლობა პოლიტიკურ კრიზისში.
პრეზიდენტ მაკრონის ადმინისტრაციას ჯერ არ დაუდასტურებია, მიმართავს თუ არა ის დღეს მოქალაქეებს.
გამოცემა „პოლიტიკოს“ შეფასებით, „რეალობა ის არის, რომ მაკრონს შეზღუდული არჩევანი აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ის იხრება მორიგი პრემიერ-მინისტრის დანიშვნისკენ - რომელიც იქნება რიგით მეხუთე 2024 წლის იანვრის შემდეგ, - თუმცა ახალი პრემიერ-მინისტრი იმავე საკანონმდებლო ორგანოს პირისპირ აღმოჩნდება. იგივე ბედი ელის საჯარო მოხელეებისგან შედგენილ ტექნიკურ მთავრობასაც“. გამოცემა წერს, რომ მორიგი რიგგარეშე არჩევნებიც „არამომხიბვლელად“ მოჩანს. არის კიდევ ერთი სცენარი - რომ ემანუელ მაკრონი გადადგეს, თუმცა მისივე ადრინდელი განცხადებების მიხედვით (რომ ვადის ბოლომდე - 2027 წლამდე იქნება პრეზიდენტი), ეს ნაკლებად მოსალოდნელია და აგრეთვე, არც იმისი გარანტია არსებობს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევა ვითარებას გამოასწორებს.
გასული წლის ზაფხულში, ევროპარლამენტის არჩევნებში თავისი პარტიის მარცხის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა და იმედოვნებდა, რომ უმრავლესობას მოიპოვებდა. შედეგად მიიღო დაყოფილი პარლამენტი, რომელიც ნებისმიერი პრემიერ-მინისტრისთვის ართულებს აუცილებელი მხარდაჭერის მოპოვებას კანონებისა და წლიური ბიუჯეტის მისაღებად.