საფრანგეთის პრემიერი ბარნიე გადადგება, მის მთავრობას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა

2 weeks ago 7

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე გადადგომის თხოვნით მიმართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, პრემიერად სამი თვის წინ დანიშნული ბარნიე ამას დღეს, 5 დეკემბერს დილით გააკეთებს.

ერთი დღით ადრე, 4 დეკემბერს, საღამოს საფრანგეთის პარლამენტმა, ეროვნულმა კრებამ მიშელ ბარნიეს მთავრობას ხმათა უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 574-დან 331-მა დეპუტატმა.

1962 წლიდან ეს საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პირველი შემთხვევაა. 1962 წელს ეროვნულმა კრებამ უნდობლობა გამოუცხადა ჟორჟ პომპიდუს მთავრობას.

მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორები იყვნენ ოპოზიციური მემარცხენე კოალიციის, „ახალი სახალხო ფრონტის“ და ულტრამემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური გაერთიანების“ დეპუტატები. მათი პროტესტი მოჰყვა ბარნიეს გადაწყვეტილებას, მთავრობას პარლამენტში განხილვის გარეშე მიეღო სოციალური და სამედიცინო დაზღვევის 2025 წლის შემცირებული ბიუჯეტი.

პარლამენტის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უფლებას მთავრობას აძლევს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტსაც აქვს უფლება კენჭისყრაზე დააყენოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი.

საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად 60 მილიარდი ევროს ეკონომიას გეგმავდა, რასაც ოპოზიციაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

4 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას მიშელ ბარნიემ დეპუტატებს განუცხადა, რომ მისი გადადგომა ქვეყნის ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 73 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი მიშელ ბარნიე პრემიერ-მინისტრად დანიშნა 2024 წლის 5 სექტემბერს.

სრულად წაკითხვა