საფრანგეთმა ბრეტონის გადადგომის შემდეგ, ევროკომისიაში სეჟურნის კანდიდატურა შეარჩია

1 month ago 45

მას შემდეგ, რაც ევროკომისიის ხელახლა არჩეულ პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლეიენის მიმართ მწვავე გამონათქვამების თანხლებით, ევროკომისარი თიერ ბრეტონი ორშაბათს მოულოდნელად გადადგა, საფრანგეთმა ევროკომისიაში თავის წარმომადგენლობის კანდიდატად საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე შეარჩია.

ეს მოულოდნელი განვითარება იყო ევროკავშირის უაღრესად პოლიტიკურ მმართველობის გარდამავალ პერიოდში, რომელიც ივნისში ჩატარებული ევროპული არჩევნების შემდეგ ხდება და ბლოკის მძლავრ, გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუტებში, შემდეგი ხუთი წლისთვის საკვანძო თანამდებობების განაწილება ხდება.

ბრეტონის თამაშგარეთ დარჩენა, რომელიც ვონ დერ ლეიენს საჯაროდ დაუპირისპირდა, იყო ის საფასური, რომელიც საფრანგეთმა გადაიხადა, რათა შეენარჩუნებინა დიდი პორტფოლიო ევროკომისიის შემდეგ გუნდში, რომლის შემადგენლობასაც ვონ დერ ლეიენი ამ კვირაში გამოაცხადებს.

საფრანგეთმა, როგორც ევროკავშირის სიდიდით მეორე წევრმა ქვეყანამ, ნათლად გამოთქვა, რომ ივნისის არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ინსტიტუტებში საკვანძო თანამდებობების გადანაწილების პროცესში წამყვანი თანამდებობის მიღება სურდა.

„პრეზიდენტს ყოველთვის სურდა საფრანგეთს მიეღო ევროკომისიის საკვანძო პორტფოლიო, რომელიც ინდუსტრიის, ტექნოლოგიური სუვერენიტეტის და ევროპული კონკურენტუნარიანობის საკითხებზე იქნებოდა ფოკუსირებული“, ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში.

39 წლის სეჟურნე, მაკრონის ლოიალისტი და ახლო მოკავშირე, მისი პარტიის თავმჯდომარეა. ის ევროკავშირის ყოფილი კანონმდებელია, რომელიც ევროკავშირის 2019 წლის არჩევნებში პარტიის სიას ლიდერობდა.

გადადგომის წერილში ბრეტონმა თქვა, რომ „რამდენიმე დღის წინ“ ვონ დერ ლეიენმა საფრანგეთს სთხოვა „პირადი მიზეზების გამო“ კომისიის კანდიდატების სიიდან მისი სახელი ამოეღო და ამის სანაცვლოდ „სავარაუდოდ უფრო გავლენიანი პორტფოლიო“ შესთავაზა.

ბრეტონმა თავის წერილში აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენების შუქში, ევროკომისიის მმართველობის სტილი კითხვებს აჩენს და დაასკვნა, რომ ამ ორგანოში თავისი მოვალეობების შესრულება აღარ შეუძლია.

ვონ დერ ლეიენის ოფისმა ბრეტონის ბრალდებებზე და მის გადადგომაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

სრულად წაკითხვა