საფრანგეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციებია

4 days ago 1

10 სექტემბერს საფრანგეთში დაიწყო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რომელთა ორგანიზატორია მოძრაობა Bloquons Tout (დავბლოკოთ ყველაფერი).

დემონსტრანტები აპროტესტებენ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობის პოლიტიკას, მათ შორის მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას.

აქციების მონაწილეებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს და რკინიგზის მუშაობა შეაფერხეს.

დღის პირველ ნახევარში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არეულობებისა და პოლიციასთან დაპირისპირებისთვის დაკავებულია 200-მდე პირი.

მინისტრის ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების გამო საფრანგეთის ქალაქებში მობილიზებულია უსაფრთხოების ძალების 80 000 თანამშრომელი, მათგან 6000 პარიზში.

10 სექტემბერს პარიზში დაპირისპირება იყო პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის

10 სექტემბერს პარიზში დაპირისპირება იყო პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის

ავტომაგისტრალების ოპერატორი კომპანიის, Vinci-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების გამო ავტომაგისტრალებზე მიმოსვლა შეფერხდა თითქმის მთელ საფრანგეთში, მათ შორის მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ლიონში.

რკინიგზის კომპანია SNCF-ის ცნობით, კაბელების მიზანმიმართულად დაზიანების გამო მიმოსვლა შეჩერდა ბორდოსა და ტულუზას შორის.

მოძრაობა Bloquons Tout სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა 2025 წლის ზაფხულიდან. მას ადარებენ „ყვითელ ჟილეტებს”, რომლებმაც 2018 წელს საპროტესტო აქციები დაიწყეს საწვავის გაძვირების გამო. ეს აქციები სწრაფად გადაიზარდა ფართო საპროტესტო მოძრაობაში პრეზიდენტ მაკრონის ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგ.

ახალი მოძრაობის აქტივისტები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის პოლიტიკური სისტემა თავის დანიშნულებას ვეღარ პასუხობს.

როგორც BBC წერს, ანალიტიკოსების შეფასებით, მოძრაობა Bloquons Tout მემარჯვენე ჯგუფების წიაღში წარმოიშვა, მაგრამ შემდეგ სადავეები აიღეს მემარცხენეებმა და ულტრამემარცხენეებმა.

სრულად წაკითხვა