საქალაქო სასამართლოში ორბელიანების სასახლის ღობის საქმეთა განხილვა ამოიწურა — ბოლო საქმის განაჩენი

1 hour ago 1

სასამართლოში 4 ოქტომბრის ხუთივე საქმეზე დასრულდა განხილვა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, დღეს, 24 ივნისს, დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუცხადა მარიამ მეყანწიშვილს, ნანა სანდერს, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს.

  • მარიამ მეყანწიშვილი — ჯარიმა 5000 ლარი
  • ნანა სანდერი — პატიმრობა 7 წლით
  • აბო ნავერიანი — პატიმრობა 5 წლით
  • ანტონ უპერი — პატიმრობა 5 წლით

ანტონ უპერი მიმალვაშია. ის დაკავებული არ არის. მარიამ მეყანწიშვილი, იმის გათვალისწინებით, რომ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, გირაოს საფუძველზე იმყოფებოდა გარეთ, სანამ საქმე სასამართლოში განიხილებოდა. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მან სხდომათა დარბაზი დატოვა და განაჩენს სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვამდე, თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულების საბოლოო სიტყვები მოისმინა.

მარიამ მეყანწიშვილი:

ვრცლად ისაუბრა ნანა სანდერმა იმ გარემოებებზე, რაც წინა დღითაც აღნიშნა — მისი უფლებების რღვევა ციხეში, მოტივები და 4 ოქტომბრის პროტესტში მონაწილეობა.

აბო ნავერიანმა მხოლოდ მადლობა გადაუხადა დარბაზში მყოფებს, პროტესტის მონაწილეებს და თქვა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.


4 ოქტომბრის ხუთივე საქმეზე განაჩენი ცნობილია და ორბელიანების სასახლის ღობის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამოწურულია.

4 ოქტომბრის საქმეებში პირველი განაჩენი 7 მაისს გამოიტანა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეებიდან მთავარი, ორგანიზატორების საქმე ებარა. მან პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ლაშა ბერიძეს, 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ირაკლი შაიშმელაშვილს — პატიმრობა 2 წლით, ირაკლი ჩხვირკიას, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძესა და გური ჟვანიას — პატიმრობა 5 წლით.

19 ივნისს, რიგით მეორე განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა. დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, კონსტანტინე კოკაიას, გოგი ჩახუნაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილსა და ია დარახველიძეს მან 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, სასამართლოში განაჩენის გამოცხადებისას შეეშალა და თქვა, რომ ია დარახველიძეს 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. შეცდომის და რეალური სასჯელის შესახებ ადვოკატს მოგვიანებით აცნობეს სასამართლოდან.

22 ივნისს გამოიტანა განაჩენი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა და ზურა ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

24 ივნისს დადგა ორი განაჩენი. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა მანუჩარ მიქელაძეს. 12 პირს კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, თუმცა 4 ოქტობრის საქმეში ბრალდებული სხვა პირებისგან განსხვავებით, რომელთაც უკვე დადეს საპროცესო შეთანხმება და თავისუფლება მოიპოვეს, მათ კიდევ რამდენიმე თვის გატარება მაინც მოუწევთ ციხეში. შესაბამისად, ჯერ კიდევ პატიმრებად რჩებიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი და საბაო კორძაია.

მოსამართლე მახარობლიძის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, დაიწყო მოსამართლე მჭედლიშვილმა  4 ოქტომბრის ბოლო, მეხუთე საქმეზე ბოლო სხდომა. განაჩენი გამოუცხადეს 4 ბრალდებულს, მარიამ მეყანწიშვილს, ნანა სანდერს, აბო ნავერიანს და ანტონ უპერს.

4 ოქტომბრის ყველა საქმის ჯამში 64 ბრალდებულიდან, 34-მა პირმა დადო საპროცესო შეთანხმება. იმ 12 პირის გარდა, რომელთაც საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმეს და გარკვეული პერიოდის გატარება ციხეში ისევ უწევთ, დანარჩენი 22 პირი დამნაშავედ ცნობილი, მაგრამ უკვე თავისუფალია.

სრულად წაკითხვა