გამარჯვებული ფილმი 16 სექტემბერს სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა - კომისიის წევრების ვინაობას კინოცენტრი არ ასაჯაროებს.
ოსკარზე გასაგზავნი ფილმის შესარჩევ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებმა სულ ორი ფილმი წარადგინეს:
- „ტერცო მონდო” – რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი;
- „პანოპტიკონი” – რეჟისორი გიორგი სიხარულიძე.
"პანოპტიკონი" საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.
ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო (დათა ჩაჩუა), რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების პროცესში განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის.
ქართველი კინემატოგრაფისტები 2 წელზე მეტია, ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ. მრავალმა რეჟისორმა „ოსკარზე” გასაგზავნი ფილმის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე უარი ამიტომაც თქვა.
კინოს სფეროს წარმომადგენლები 2023 წლის აგვისტოდან მოითხოვენ ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობას და ორგანიზაციას ბოიკოტს ამიტომაც უცხადებენ.