დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისში ოპოზიციის ალიანსის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები თსუს-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის მეტროსკენ გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის ალიანსმა ახალი კამპანიის დაწყება გამოაცხადა.
კამპანიის ლოზუნგია „საქართველო ივანიშვილის გარეშე – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“.
25 ოქტომბერს გამოცხადებული კამპანიის მიზანი 28 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციისთვის მომზადება იქნება.
აქციაზე შეკრებილებს მიმართეს ოპოზიციის ალიანსში შემავალი პარტიების წარმომადგენლებმა.
„28 ნოემბერი უნდა იყოს პიკური დღე. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მთავარი რაოდენობაა. უნდა გვიხაროდეს, რომ მოვიდა ის დრო, როცა რაოდენობით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს – საქართველოს ივანიშვილის გარეშე!“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
„თითქოს ისეთ თავხედურ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, ყველა სასოწარკვეთილები უნდა ვიყოთ, მაგრამ სინამდვილეში საქმე პირიქითაა – ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს. ის აღიარებს, რომ აღარ ენდობა ქართველ ხალხს, რომ ეშინია ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევნის და სწორად ეშინია“, – განაცხადა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად ამოუდგეთ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში არა იმიტომ, რომ ისინი შეიძლება უშეცდომოები არიან, არავინაა უშეცდომო, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა“, – განაცხადა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.
„როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს, ეს არ არის ხუთი პარტიის ან კოალიციის რეგისტრაციის გაუქმება. ეს არის ამ ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს რეგისტრაციის გაუქმება და ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ ყველაფრის შეჩერება შეუძლია, ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ.
„უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა, რომელსაც ქართველი ხალხი აგრძელებს, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა ლუკა მიშველაძემ.
„სასაცილოა ბიძინა ივანიშვილის მოქმედება იმიტომ, რომ როგორ შეიძლება ადამიანებს წაართვა ხმა და დაადუმო. წარმოუდეგენელია ეს მოხდეს საქართველოში. ამიტომ 28 ნოემბერს უნდა ვიყოთ უფრო მეტი და ვაჩვენოთ, რომ ეს ადამიანები არ ჩუმდებიან“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ანა კობახიძემ.
netgazeti