საქართველო წელს არ ესწრება არც დავოსის ფორუმს და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას

4 hours ago 1

საქართველო 2025 წელს არ იღებს მონაწილეობას არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

თუმცა კანცელარიაში არ ამბობენ, არიან თუ არა ღონისძიებებზე ისინი მიწვეულები.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას კითხვით, ჰყავდათ თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიწვეული. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს ტარდება შვეიცარიაში და მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

მონაწილეთა შორის არიან საქართველოს მეზობლები, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი. ასევე; აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (დისტანციურად).

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია იქნება პირველი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები არ დაესწრებიან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მწვავე კრიზისის წინაშე დგას როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე.

50-ე დღეა, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებული პოლიტიკიდან გადახვევის გამო.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი; პარლამენტის, მთავრობისა და მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს; ასევე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.

სანქციების პოლიტიკა დაიწყო გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამაც.

ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტებისთვის გეგმავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას და ურთიერთობები უკვე შეჩერებული აქვს.

სრულად წაკითხვა