30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასაზე „კავკაზი“, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან, საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა და ხევში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა. დაშავებულები პიატიგორსკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის 10 ბავშვია.
წინასწარი მონაცემებით, ტრანსპორტში 43 ადამიანი იმყოფებოდა.
რუსული პრესის ცნობით, ავტობუს „სეტრას“ მძღოლმა, რომელიც საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მოძრაობდა, წინ მიმავალ „კამაზთან“ დისტანცია არ დაიცვა. რასაც შეჯახება მოჰყვა.
„საგზაო შემთხვევის დეტალური გარემოებები ზუსტდება“ - განაცხადეს სტავროპოლის მხარის სახელმწიფო ავტოინსპექციაში.
არიან თუ არა მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქეები, ჯერჯერობით უცნობია - რადიო თავისუფლება ამის დაზუსტებას ცდილობს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ინფორმაციის მიღებისთანავე ახალი ამბავი განახლდება.
radiotavisupleba ახალი ამბები