საქართველომ მინისტერიალზე მიწვევა „ტექნიკურ დონეზე“ მიიღო, ელჩი არ მივიდა

1 hour ago 2

23 ივნისს, ბრიუსელში, ევროკომისიამ წარადგინა „დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმა“ (Connectivity Agenda Platform) და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან დადო შეთანხმებები, რომლებმაც შავი ზღვის რეგიონში და სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული კავშირგაბმულობის ინვესტიციებისთვის, სავარაუდოდ, 2 მილიარდ ევრომდე მობილიზება უნდა მოახდინოს.

შეხვედრაში, რომელსაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, საერთაშორისო პარტნიორობის კომისარი იოზეფ სიკელა და მდგრადი ტრანსპორტის კომისარი აპოსტოლოს ციციკოსტასი მასპინძლობდნენ, მონაწილეობდნენ ტრანსპორტის მინისტრები, მოადგილეები და მაღალი რანგის წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან.

„მზარდი კონფლიქტის დროს, შესანიშნავია ამდენი ქვეყნის ერთიანობის ხილვა საერთო პროექტის გარშემო. ჩვენ გვჭირდება საიმედო სავაჭრო მარშრუტები და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სწორედ ამის დამსახურებაა. მარშრუტზე ვაჭრობა შეიძლება მომდევნო 15 წლის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდოს. ამისთვის ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა. უკვე მიმდინარეობს მრავალი პროექტი და ინიციატივა. პლატფორმა შეავსებს დარჩენილ ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს და მარშრუტს თავიდან ბოლომდე დააკავშირებს“, — განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა.

ევროკომისიის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ანონსის თანახმად, ღონისძიებაზე იქნებოდნენ მაღალი რანგის წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან და საქართველოდანაც, თუმცა საბოლოო დღის წესრიგში და გამომსვლელებს შორის ამ ორი ქვეყნის ოფიციალური პირები არ აღმოჩნდნენ.

„საქართველომ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც წარსულში, რეგიონის ყველა პარტნიორი იყო მიწვეული. ჩვენი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველო რისკავს იმ სარგებლის შეზღუდვას, რომელიც მას სრულყოფილად შეუძლია მიიღოს „დაკავშირებადობის დღის წესრიგის“ ფარგლებში“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ევროკომისიის სპიკერმა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიწვევა გაიგზავნა „ტექნიკურ დონეზე“ და შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს ელჩს ელოდნენ, თუმცა ვახტანგ მახარობლიშვილი ღონისძიებაზე არ გამოჩენილა.

„ბრიუსელში, დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმის მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელშიც ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ტრანსპორტის მინისტრები მონაწილეობენ, საქართველოს შესაბამის სამინისტროს ევროკომისიის მოსაწვევი არ მიუღია“, — გვითხრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და დასძინეს, რომ ღონისძიებას „საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი“ დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ შარშან დაკავშირებადობის საკითხებზე ლუქსემბურგში გამართულ მინისტერიალში საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა, რადგან მაღალი დონის კონტაქტების შეჩერების ფონზე, თბილისი მხოლოდ ელჩის დონეზე მიიწვიეს.

ევროკავშირის რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგი შავი ზღვის რეგიონისადმი ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის ნაწილია და ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროში ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას შეეხება.

ნახეთ ასევე:

საქართველო გაფართოების ნაცვლად EU-ის დაკავშირებადობის დღის წესრიგში?

სრულად წაკითხვა