საქართველოს 7-ქალა ბონში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს

6 hours ago 3

საქართველოს 7-ქალა დღეს ღამით გერმანიის ქალაქ ბონში გაემგზავრება და საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს.

შარშან რაგბი ევროპის ალაფაზე წარმატებული თამაშის შემდეგ, წელს პირველად, ჩვენი 7-ქალა ევროპის ელიტაში, რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს, რომელიც ივნისში ორ ეტაპად, ხორვატიასა და გერმანიაში გაიმართება.

ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპზე, 17-18 მაისს გოგონები გერმანიის ქალაქ ბონში კომერციულ ტურნირზე ითამაშებენ. მასში საქართველოს გარდა ბელგიის ერთი და მასპინძელი გერმანიის ორი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შარშანდელი შედეგების მიხედვით, ბელგიელმა გოგონებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეორე, ხოლო გერმანელებმა მერვე ადგილზე დაასრულეს. ამრიგად, პოტენციურ მეტოქეებთან თამაში ჩვენს გუნდს დაანახებს, თუ რას უნდა ველოდოთ ოფიციალურ შეხვედრებში.

ბონში საქართველოს 7-ქალას ჯამში 6 თამაში ელის. შაბათს, 17 მაისს ჩვენი 7-ქალა პირველ თამაშს ბელგიასთან, საქართველოს დროით 16:20 საათზე გამართავს; 17:50-ზე გერმანია2-ს შეერკინება; ხოლო 19:50-ზე გერმანია1-ს. კვირას, 18 მაისს იგივე გუნდებს სხვა თანმიმდევრობით შევხვდებით: ჯერ გერმანია1-ს, მერე ბელგიას და ბოლოს გერმანია2-ს.

გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯაბა მალაღურაძეს ბონში 16 გოგონა მიყავს. გერმანიიდან ჩვენი გუნდი საფრანგეთში გადაინაცვლებს და ქალაქ ტურში 5-დღიან შეკრებას გაივლის. მზადების ფარგლებში ადგილობრივ რეგიონალურ ნაკრებთან ამხანაგური თამაშები იქნება, 24-25 მაისს კი საქართველოს 7-ქალა ტურის ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საფრანგეთში საქართველოს 7-ქალას ირმა გულიაშვილი შეუერთდება, რომელიც სარაგბო კარიერას ესპანეთში აგრძელებს.

7-ქალას შემადგენლობა ბონის ტურნირზე

სალომე მაკასარაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, ანი კაპანაძე, ანა პოღოსიანი, კირა დანელია, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანა ხაბულიანი, ნინო გუგუჩია, მარიამ ბერანძე, ანასტასია ახვლედიანი, ანნა რურუა.

rugby.ge

სრულად წაკითხვა