03.10.202603.10.2026
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თქმით, საქართველოს ამბების ვებგვერდი კიბერთავდასხმის შედეგადაა გათიშული.
მთივლიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც მათი ვებგვერდები გატეხეს.
“ერთი, ორი, სამი – ყველაზე მოწყვლადები მაინც კიბერთავდასხმების მიმართ აღმოვჩნდით. ალბათ იმიტომაც, რომ წლების განმავლობაში, მწირი და მუდმივად შეზღუდული რესურსების ფონზე, მთელ დროსა და ენერგიას კონტენტის წარმოებას ვუთმობდით. გვინდოდა, ყველგან მივსულიყავით, სადაც ვჭირდებოდით – სიღრმისეულად შეგვესწავლა, გაგვეშუქებინა, სათქმელი რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე მიგვეტანა და რეალური ცვლილებები გამოგვეწვია.
ამისათვის გვერდით ვედექით ადგილობრივ ინიციატორებს სხვადასხვა რეგიონიდან, უმეტესად კი თვითონ ვაინიცირებდით და პარტნიორებთან ერთად ვახორციელებდით ადვოკატირების მრავალ კამპანიას. მათ შორის: დიალიზის ცენტრების გახსნა მთიან რეგიონებში – თითქმის ყველგან, სადაც წლების განმავლობაში ეს სერვისიც არ არსებობდა; სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მთისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; სინათლე უშუქო სოფლებში; მთის და საზღვრისპირა დასახლებების ინტერნეტიზაცია; რუსი ოლიგარქის პარტნიორზე გასხვისებული რაჭის ტყეების გამოხსნა და ბევრი სხვა. ეს იყო ჩვენი ყოველდღიური საფიქრალიც და საზრუნავიც. სამწუხაროდ, კიბერუსაფრთხოების კუთხით მედეგობა არასდროს ყოფილა ჩვენი ძლიერი მხარე.
ხოდა, ჯერ ერთი საიტი გაგვიუბედურეს – regmarket.ge, რომელიც 2015 წელს IREX-ის მხარდაჭერით შევქმენით. ეს იყო ფასიანი და უფასო განცხადებების პლატფორმა, რომელსაც ცოტაოდენი შემოსავალი მოჰქონდა და ამ რესურსს ისევ ხარისხიანი ჟურნალისტიკის შესაქმნელად ვიყენებდით. როგორც კი შევიტყვეთ, რომ საიტზე ნარკოტიკების რეალიზაციის შესახებ განცხადებები განათავსეს და მათი წაშლა ვერაფრით შევძელით, იძულებული გავხდით, პლატფორმა დაუყოვნებლივ მთლიანად გამოგვერთო. ამ უკიდურესად რეპრესიულ და კრიზისულ პერიოდში მის აღსადგენად ფიზიკურად რესურსი არ გვაქვს.
მალევე გატეხეს ჩვენი მეორე ვებგვერდი – reginfo.ge. მასზე კახეთის საინფორმაციო ცენტრისა და შემდგომ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით წლების განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი მასალების არქივი ინახებოდა, რომელიც საძიებო სისტემებში საუკეთესოდ იძებნებოდა. ეს საიტიც გამოვრთეთ. არქივები კი შენახული გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ხილვადი აღარ არის.
ახლა კი ჩვენი მთავარი საიტი – sakartvelosambebi.ge გატეხეს. ვვარაუდობთ, ასე მარტივად იმიტომ გვერევიან, რომ საიტები ძველ ძრავებზეა აწყობილი. მინიმალური რესურსების გამო შესაბამისი პროგრამული განახლებები ვერ უზრუნველვყავით, რამაც თავდამსხმელებს საქმე გაუადვილა. ძალიან ამოგვიჩემეს და გვარიანადაც გვაზიანებენ.
თითქოს ეს არ იყო საკმარისი, „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობის გამო, იძულებული გავხდით და დავხურეთ პანკისის სათემო რადიო – პროექტი, რომელიც მრავალი გამოწვევის მიუხედავად, 10 წლის წინ შევქმენით. ამ პერიოდში უზარმაზარი საქმე გავაკეთეთ, მათ შორის ბევრი ისეთი, რაც სამსახურებრივად არც გვევალებოდა, მაგრამ ხალხს ჰაერივით სჭირდებოდა. ხეობაში რადიო მხოლოდ ინფორმაციის წყარო არ ყოფილა – მან საგანმანათლებლო მისიაც იკისრა. შეიქმნა სასწავლო ცენტრი, სადაც 500-ზე მეტმა ადამიანმა უფასოდ ისწავლა კომპიუტერული პროგრამები, ავტომობილის მართვის თეორია და პრაქტიკა, „ორის“ ბუღალტერია, საფეხმავლო გიდობა და საოჯახო ტურიზმი. სულ მცირე 40-ზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ სტარტაპ გრანტების (25–50 ათასი ლარი) მოპოვებასა და საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში.
ყველა კრიტიკულ მომენტში სათემო რადიო თემის გვერდით იდგა – იქნებოდა ეს სირიაში ახალგაზრდების წასვლის წინააღმდეგ ბრძოლა, ლაფანყურის სპეცოპერაციის მხილება და საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნა, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე, ჰესების მასობრივი მშენებლობის საწინააღმდეგო გამოსვლები თუ სხვა.
რადიოსთვის ლაფანყურის თემა წლების განმავლობაში საკვანძო იყო. პანკისის სათემო რადიო ჯერ არც კი არსებობდა, როდესაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალები ვამხილეთ: ის, რომ დივერსანტები დაღესტნიდან თუ ჩრდილოეთ კავკასიიდან არ გადმოსულან (როგორც ამას მაშინდელი ხელისუფლება და პროპაგანდა ამტკიცებდა) და სინამდვილეში პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც ჩახოცეს. წლები ვაშუქებდით ამ ამბავს, ვიდრე აქ თუ საზღვარგარეთ (თურქეთში, გერმანიაში, სირიაში) სათითაოდ არ ამოხოცეს ამ საქმის ცოცხლად გადარჩენილი მონაწილეები და მოწმეები.
გვებრძოდა სუს-თან მჭიდროდ დაკავშირებული და ორგანიზებულ დანაშაულებებში (მკვლელობა, გატაცება) ჩვენ მიერ არაერთხელ მხილებული ჯგუფი, რომელსაც ზოგიერთი ადგილობრივიც უჭერდა მხარს. აორგანიზებდნენ აქციებს რადიოს წინააღმდეგ, გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და რადიოს დარბევითაც კი, თუმცა სახელმწიფოს არცერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებია!
პანკისში კეთილმოწყობილი ოფისი და სასწავლო ცენტრი გვქონდა. კეთილმოწყობილი ახლაა, თორემ როდესაც მუნიციპალიტეტისგან იჯარით ავიღეთ, სრულიად დანგრეული და გაოხრებული იყო: წყალი ჩადიოდა, სახურავი, კარ-ფანჯარა და იატაკიც კი არ ჰქონდა. ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. ისეთი სივრცე შევქმენით, რომ „ქართული ოცნების“ მინისტრებიც კი ვერ მალავდნენ გაოცებას, როდესაც სათემო რადიოს პირდაპირ ეთერში სტუმრად მოდიოდნენ.
ამ ოფისიდან რომ გაგვასახლონ, ჯერ პოლიციას მიმართეს გამობარგების მოთხოვნით, ახლა კი სასამართლოში გვიჩივლა ახმეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა (წარმოშობით ხევსურმა!!!). მერად მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ბიძამისი, შენგელი ფიცხელაური, სუს-ის უფროსის მოადგილე იყო. ეს ოფისი „ქართული ოცნების“ ერთ ხარბ აქტივისტს დაჰპირდნენ, რომელიც დიდი ხანია ცდილობს მის ხელში ჩაგდებას.
ახლა მთავარია ქვეყანა არ დავკარგოთ. ბრძოლა ბოლომდე – ყველაფერი დანარჩენი აღდგება! სარგებელზე დახარბებული ჭია-ღუები მხოლოდ დროებით ხარობენ!”, -წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელზე.
netgazeti