"საქართველოს ნაკრებს მიზნის მიღწევა ამის გარეშე გაუჭირდებოდა" - თეიმურაზ ორჯონიკიძე

21 hours ago 2

სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) ვებგვერდზე ზურაბ თალაკვაძის მიერ მომზადებული ინტერვიუ გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების კაპიტან თეიმურაზ ორჯონიკიძესთან, რომელმაც საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებზე ისაუბრა.

აღნიშნულ მასალას მცირე შემოკლებით შემოგთავაზობთ.

"საქართველოში ხელბურთი აღმავლობის გზაზეა. ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, რომელიც 2026 წლის იანვარში დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გაიმართება.

ქართველი ხელბურთელები ჯგუფში შვედეთთან, ხორვატიასთან და ნიდერლანდებთან მოხვდნენ. ქართული ხელბურთისთვის ეს დიდი გამოწვევა, საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე დიდ გამოცდილებას შესძენს.

თეიმურაზ ორჯონიკიძე საქართველოს ნაკრების კაპიტანი და გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშეა. თბილისში, საბერძნეთის ნაკრებთან გადამწვეტ შეხვედრაში, მძიმე ტრავმა მიიღო და ევროპის ჩემპიონატზე მისი მონაწილეობა, ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თეიმურაზი საუკეთესო მეოჯახე, მეუღლე და მამაა. ოჯახი ეხმარება, რომ მუდამ მოტივირებული და თვის საქმეზე კონცენტრირებული იყოს.

მისი საყვარელი სპორტსმენი კრიშტიანო რონალდოა, საუკეთესო ხელბურთელად ნიკოლა კარაბატიჩი მიაჩნია. გამორჩეულად მოსწონს მსახიობი რასელ ქროუ და ფილმი „გლადიატორი“.

ორჯონიკიძე ჩრდილეოთ მაკედონიის კლუბ „ოჰრიდის“ წევრი ამ გუნდის და ერთ-ერთი ლიდერია. მისი მამა, ბექა ორჯონიკიძე, ასევე საქართველოს ნაკრების ხელბურთელი იყო, რომელმაც დიდწილად განაპირობა კიდეც მისი არჩევანი ხელბურთის სასარგებოდ. იგი თეიმურაზის მწვრთნელი და საუკეთესო მრჩეველია..

საქართველოს ნაკრებზე

თეიმურაზ ორჯონიკიძე: ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებისთვის გამორჩეულად კარგი სეზონი იყო. აქამდე გასვლით მატჩებში სტაბილურობა გვაკლდა, ამ შესარჩევმა ციკლმა კი აჩვენა, რომ ეს ნაკლი წარსულს ბარდება.

სტუმრად დავამარცხეთ ბოსნიის ნაკრები, ხოლო საბერძნეთთან თითქმის მოგებული შეხვედრა ბოლოს წავაგეთ. ამ თამაშებმა საკუთარი ძალების რწმენა შეგვმატა, უფრო თავდაჯერებულნი გავხდით.

ევროპის ჩემპიონატზე…

„ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის. გამოცდილ და ძლიერ ხორვატიისა და შვედეთის ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში, მათ გარდა ჯგუფში ნიდერლანდების გუნდიცაა, რომელთან მოგებაც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი მიზანი იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

მოთამაშეები და მწვრთნელები თავის საქმეს კარგად აკეთებენ, მაგრამ ბოლოდროინდელი წარმატებები მენეჯმენტის სწორი და გამართული მუშაობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ყველაფერი ერთობლიობაში ძალიან გვეხმარება.

ხელბურთის ფედერაციის სათავეში მოსული ახალი გუნდი ზრუნავს განვითარებაზე. მათმა სწორმა მუშაობამ შესაძლებლობა მოგვცა, რომ მხოლოდ ხელბურთის თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებულნი, ვინაიდან სხვა ყველაფერი, ნებიბსმიერი წვრილმანი, მოწესრიგებული და მოგვარებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია – საქართველოში ხელბურთი დაბრუნდა!“.

9 500 მაყურებელი საბერძნეთთან მატჩზე…

„რა უნდა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე, თუ რამხელა მხარდაჭერა ვიგრძენით ქომაგების მხირდან – საბერძნეთთან სავსე დარბაზი ჩემთვის მაგიური იყო. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა დაიმსახურა ეს მხარდაჭერა და ჩვენც, ყველაფერი გავაკეთეთ მათ გასახარებლად.

ველოდებოდით, რომ თამაშზე გულშემატკივრები მოვიდოდნენ, მაგრამ რაც საბერძნეთთან მოხდა, მართლაც შესანიშნავი იყო. როდესაც ქომაგები სიმღერას იწყებენ, დიდ სიამაყეს ვგრძნობთ და ძალებს გვმატებს.

გული დამწყდა, რომ ტრავმის გამო ნაადრევად მომიხდა მატჩის დასრულება და არ ვარ დარწუნებული, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შევძლებ. თუმცა, ვნახოთ, ყველაფერს დრო დაგვანახებს“.

geohandball

სრულად წაკითხვა