სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) მიერ დაწყებულმა სისხლისსამართლებრივმა დევნამ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი დირექტორის, დავით ფერაძის და სხვა ხელმძღვანელი პირების მიმართ, სასამართლოში გადაინაცვლა. დღეს, 17 ივნისს, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 8 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო დავით ფერაძესა და კიდევ შვიდ პირს [გიორგი კურტანიძე, ზაზა ბიძინაშვილი, ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, მალხაზ ომარაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი, გიორგი მარუქაშვილი] კორუფციული სქემების ორგანიზებას ედავება. უფრო კონკრეტულად – 2019-2022 წლებში, სხვადასხვა ეპიზოდში, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. საუბარია ჯამში 18 მილიონ ლარამდე თანხაზე. ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურის დასაბუთების საწინააღმდეგოდ, რომ ბრალდებულებისგან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებაზე/მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, თუ ბრალდებულები პატიმრობაში არ დარჩებიან, ადვოკატებმა მოითხოვეს გირაოს შეფარდება, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების არგუმენტაცია, რომ პროკურორის მიერ ხსენებული რისკები არ არსებობს, არ გაიზიარა.
ბრალდებულებიდან ყველას არ უსაუბრია. რევაზ რევაზიშვილმა აღნიშნა, რომ მის ეპიზოდში გამოძიება უკვე დასრულებულია, ის თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ მიმალულა და ვერც ვერავისზე მოახდენს ზემოქმედებას. ანზორ ჯამალაშვილი ამბობს, რომ დავით ფერაძე მხოლოდ ტელევიზიით ჰყავს ნანახი და არ იცნობს ბრალდებულების ნაწილსაც, შესაბამისად, ვერანაირ დანაშაულებრივ სქემაში მათთან ერთად ჩართული ვერ იქნებოდა.
8 ბრალდებულიდან დაკავებულია 6 პირი: გიორგი კურტანიძე, ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, მალხაზ ომარაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი, გიორგი მარუქაშვილი. ხოლო დავით ფერაძე და ზაზა ბიძინაშვილი ძებნილებად ითვლებიან. დავით ფერაძემ, როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა, ქვეყანა 2025 წლის 3 სექტემბერს დატოვა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა აღნიშნული გამოძიება დაწყებული არ იყო და დავით ფერაძე ვერ წარმოიდგენდა, რომ მომავალში მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყებოდა. ხოლო ზაზა ბიძინაშვილი 2022 წლიდან ემიგრაციაშია. ფერაძესა და ბიძინაშვილს პატიმრობა შეეფარდათ დაუსწრებლად.
გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით:
- სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობა და აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარება;
- ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება;
- ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება და აღნიშნულ დანაშაულში დახმარება;
- ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღება.
რას ტიპის კორუფციულ სქემას ედავება სუსის ანტიკორუფციული სააგენტო დავით ფერაძეს, დანარჩენ ხელმძღვანელ პირებსა და მეწარმეებს, წაიკითხეთ დაწვრილებით აქ:
სუს-მა “საქართველოს რკინიგზის” ყოფილი ხელმძღვანელი პირების სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·